კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

თბილისის სურსათით მოვაჭრე ობიექტების კლასიფიკაცია

დღეისათვის საქართველოში მუშაობს 500-ზე მეტი ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი (ჰოლდინგი ‘’ნიკორა’’ (ბრენდები ‘’ნიკორა, ‘’ლიბრე’’, ‘’ნუგეში’’, ‘’სანდეი’’) – 200-ზე მეტი ობიექტი, ‘’სმარტი’’ – 15 ობიექტი, ‘’ფრესკო’’ – 8 ობიექტი, ‘’ფუდმარტი’’ (ბრენდები ‘’ფუდმარტი’’ და ‘’იოლი გასტრონომია’’) – 51 ობიექტი, ‘’გუდვილი’’ – 5 ობიექტი, ‘’კარფური’’ – 8 ობიექტი, ‘’ორი ნაბიჯი’’ – 95, ‘’ზღაპარი’’ (‘’ზღაპარი’’, ‘’ბაია’’) – 16 ობიექტი და სხვ.), აქედან დაახლ. 300 ობიექტი თბილისშია განთავსებული. გარდა მსხვილი მოთამაშეებისა, თბილისის ბაზარზე სურსათით მოვაჭრე დაახლ. 3,000-მდე სხვადასხვა ხარისხის სუპერმარკეტი და მაღაზია მუშაობს. მეწარმეებს, რომლებიც ამ ობიექტებთან ურთიერთობებს აპირებენ, საქმიანი ურთიერთობების დაგეგმვაში დაეხმარებათ თბილისის სურსათით მოვაჭრე ობიექტების კლასიფიკაცია და მათი მახასიათებლები.

ჰიპერმარკეტები
  • სავაჭრო ობიექტის ხარისხის ზოგადი შეფასება: საშუალო / კარგი / მაღალი
  • განთავსება: ცენტრალური ქუჩა ან მოედანი, თბილისის პერიფერიები, სავაჭრო კომპლექსები ემსახურებიან არა მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ უბანს, არამედ სპეციალურად, დაგეგმილად მიმსვლელთა დიდ რაოდენობას
  • ასორტიმენტი: მრავალფეროვანი
  • პროდუქციის განლაგება: თვალსაჩინო, მოწესრიგებული
  • ფართი: დიდი ან საშუალო
  • ყველა მათგანს აქვს საკუთარი ცნობილი სახელწოდება და იმიჯი (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმიჯი მხოლოდ დადებითია)
  • სხვადასხვა სახის საქონლისათვის გამოყოფილი აქვთ ცალკე სექციები და ამ სექციას ემსახურებიან სპეციალიზებული გამყიდველი/კონსულტანტები
  • მაღალია დიზაინისა და ვიზუალური გაფორმების დონე, საშუალოზე მაღალია სანიტარული ნორმების დაცვის დონე
  • მაღალი ან დამაკმაყოფილებელი დონისაა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
სავაჭრო ქსელები
  • სავაჭრო ობიექტის ხარისხის ზოგადი შეფასება: საშუალო / კარგი / მაღალი
  • განთავსება: ცენტრალური ქუჩა ან მოედანი, უბანი, ემსახურებიან როგორც კონკრეტულ უბანს, ისე სპეციალურად, დაგეგმილად მიმსვლელ მყიდველებსაც
  • ასორტიმენტი: მრავალფეროვანი (ზოგიერთი მცირე ზომის ობიექტის გარდა)
  • პროდუქციის განლაგება: თვალსაჩინო და მოწესრიგებული
  • ფართი: პატარა / დიდი / საშუალო
  • ყველა მათგანს აქვს საკუთარი ცნობილი სახელწოდება და იმიჯი
  • სხვადასხვა სახის საქონლისათვის გამოყოფილი აქვთ ცალკე კუთხე და სპეციალიზებული გამყიდველი/კონსულტანტი (ზოგიერთი მცირე ზომის ობიექტის გარდა)
  • საშუალოზე მეტია ან მაღალია დიზაინისა და ვიზუალური გაფორმების დონე, საშუალოზე მეტი ან მაღალია სანიტარული ნორმების დაცვის დონე
  • მაღალი ან დამაკმაყოფილებელი დონისაა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
  • ნაწილი მუშაობს 24 საათი
1-ლი კატეგორიის სუპერმარკეტები
  • სავაჭრო ობიექტის ხარისხის ზოგადი შეფასება: კარგი ან ძალიან კარგი
  • განთავსება: უმეტესად ცენტრალური ქუჩა ან მოედანი, ემსახურებიან როგორც კონკრეტულ ახლომდებარე უბნებს, ისე სპეციალურად, დაგეგმილად მიმსვლელ მყიდველებსაც
  • ასორტიმენტი: მრავალფეროვანი
  • პროდუქციის განლაგება: თვალსაჩინო და მოწესრიგებული
  • ფართი: მცირე ან დიდი ან საშუალო
  • ზოგიერთს აქვს საკუთარი ცნობილი სახელწოდება და იმიჯი
  • სხვადასხვა სახის საქონლისათვის გამოყოფილი აქვთ ცალკე კუთხე და სპეციალიზებული გამყიდველი/კონსულტანტი
  • საშუალოზე მეტია ან მაღალია დიზაინისა და ვიზუალური გაფორმების დონე, საშუალოზე მეტი ან მაღალია სანიტარული ნორმების დაცვის დონე
  • ხშირად დამაკმაყოფილებელი დონისაა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
  • მომხმარებელს შეუძლია ახლოდან იხილოს პროდუქცია
  • ნაწილი მუშაობს 24 საათი
მე-2 კატეგორიის სუპერმარკეტები
  • სავაჭრო ობიექტის ხარისხის ზოგადი შეფასება: საშუალო ან კარგი
  • განთავსება: ცენტრალური ქუჩა ან მოედანი, უბანი, ძირითადად ემსახურებიან ახლომდებარე კონკრეტულ უბანს
  • ასორტიმენტი: დამაკმაყოფილებელი
  • პროდუქციის განლაგება: მოწესრიგებული
  • ფართი: პატარა ან დიდი ან საშუალო
  • მათ ნაწილს აქვს მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის ცნობადი საკუთარი სახელწოდება და იმიჯი
  • სხვადასხვა სახის საქონლისათვის გამოყოფილი აქვთ ცალკე კუთხე, შესაძლებელია სპეციალიზებული გამყიდველი/კონსულტანტი არ ყავდეთ
  • საშუალო ან საშუალოზე მაღალია დიზაინისა და ვიზუალური გაფორმების დონე, საშუალო ან დაბალია სანიტარული ნორმების დაცვის დონე
  • დაბალი ან საშუალო დონისაა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
1-ლი კატეგორიის მაღაზიები
  • სავაჭრო ობიექტის ხარისხის ზოგადი შეფასება: დაბალზე მეტი ან ნორმალური ან საშუალო
  • განთავსება: არაა შეზღუდული, ძირითადად ემსახურებიან ახლომდებარე კონკრეტულ უბანს
  • ასორტიმენტი: მწირი ან პირველად დონეზე დამაკმაყოფილებელი
  • პროდუქციის განლაგება: უხარისხო ან საშუალო ხარისხის
  • ფართი: პატარა ან საშუალო
  • მათ დიდ ნაწილს არ აქვს მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის ცნობადი საკუთარი სახელწოდება, თუმცა შეიძლება ჰქონდეს მომხმარებლების მიერ შერქმეული სახელწოდება (ძირითადად – მფლობელის სახელის მიხედვით); აქვს იმიჯი
  • სხვადასხვა სახის საქონლისათვის გამოყოფილი არ აქვთ ცალკე კუთხე
  • საშუალო ან დაბალია დიზაინისა და ვიზუალური გაფორმების დონე, დაბალია სანიტარული ნორმების დაცვის დონე
  • დაბალი დონისაა პროდუქციის ხარისხის კონტროლი
  • მომხმარებელს მეტწილად შეუძლია ახლოდან იხილოს პროდუქციის ნაწილი
  • ხშირია რიგები
  • ნაწილს აქვს ‘’შეთავსებული’’ გარემო: ზოგიერთგან შიდა ტერიტორიაზეა განთავსებული საცხობი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და სხვა ობიექტები.
მე-2 კატეგორიის მაღაზიები

ამ ობიექტთა ძირითადი მახასიათებლები ჰგავს ‘’I კატეგორიის მაღაზიების’’ მაჩვენებლებს, მათგან განსხვავებით კი:

  • უმეტესად განთავსებულნი არიან ცენტრალური გზებიდან მოშორებით, ხშირად – სარდაფებსა და ნახევარსარდაფებში, ემსახურებიან ახლომდებარე კონკრეტულ უბანში მცხოვრებ სისტემატურ კლიენტურას
  • ასორტიმენტი მწირზე მწირია
  • ხშირია საქონლის ნისიაზე გაყიდვა
  • არ ხდება ხარისხის კონტროლი

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება