კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია Darts Group-ის დირექტორთან დავით არძენაძესთან

Darts Group დაფუძნდა 2016 წელს და წარმოადგენს ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას. Darts Group მუშაობს აჭარის რეგიონში და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ბიზნესის წარმატებულად განვითარებისთვის. Darts Group-ის გუნდს შემუშავებული აქვს სხვადასხვა მოცულობის 50-ზე მეტი საინვესტიციო და ბიზნეს-პროექტი.

business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო Darts Group- დირექტორმა დავით არძენაძემ ბიზნეს–საკონსულტაციო ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს.

ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია Darts Group-ის დირექტორთან დავით არძენაძესთან 

როგორ გაჩნდა ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობის იდეა? თუ შეიძლება, მოგვახსენეთ კომპანია Darts Group- საქმიანობის დაწყების ისტორია.

კომპანია აჭარის რეგიონში 2016 წელს დაფუძნდა. რაც შეეხება დაფუძნების იდეას –ბიზნეს–კონსულტაციის მიმართულებით ჩვენ, თანამშრომლები დიდი ხანია ვმუშაობდით, თუმცა ინდივიდუალურად. წლების განმავლობაში ამ სერვისზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მიმდინარე სახელმწიფო და არასახელმწიფო პროექტებმა ხელი შეუწყო სერვისზე მოთხოვნის გაზრდას. შესაბამისად, გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა კომპანია და მუშაობა უკვე იურიდიული სტატუსით გაგვეგრძელებინა.

თქვენი საქმიანობა ძირითადად აგროსექტორშია კონცენტრირებული. ვინ არიან თქვენი კლიენტები?

ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობს ისეთი საგრანტო პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს აგრობიზნესის ხელშეწყობას. შესაბამისად, ჩვენს საქმიანობაში ლიდერი პოზიცია აგრომიმართულებას უჭირავს.

რაც შეეხება კლიენტებს, ჩვენი მომსახურებით ძირითადად საშუალო მეწარმეები ინტერესდებიან. ასევე ჩვენი დამკვეთები არიან სახელმწიფო ორგანიზაციები და არასახელმწიფო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც გრანტებს გასცემენ. მაგალითად, ჩვენ ვართ რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო APMA-ერთ–ერთი პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps–ის სერვის-კონტრაქტორი და ვახდენთ მათი ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა სახის ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისის მიწოდებას.

რა სახის სერვისებს სთავაზობთ კლიენტებს და როგორ ეხმარება თქვენი კონსალტინგი მათ თავიანთ საქმიანობაში?

ჩვენ ბიზნეს სექტორს ვთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  1. ბიზნეს-გეგმების და საგრანტო პროექტების შემუშავება
  2. მარკეტინგული კვლევების წარმოება
  3. იურიდიული და ბიზნეს კონსულტაციების გაწევა
  4. ტრენინგები
  5. ბიზნესის შეფასება-დიაგნოსტიკა და ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავება
  6. რეკრუტინგი
  7. საქმიანი პარტნიორების მოძიება

ბიზნეს–გეგმა უნდა წარმოადგენდეს ბიზნესის მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტს. დღეს არსებულ რეალობას თუ შევხედავთ, უმეტესად ბიზნეს-გეგმების შემუშავება ხდება დაფინანსების მოპოვების მიზნით. ხშირად დაფინანსების მიღების შემდეგ ბიზნეს–გეგმით ხელმძღვანელობა აღარ ხდება. ანუ, ბიზნეს–გეგმა დამკვეთებს მიჩნეული აქვთ დაფინანსების მოპოვების ინსტრუმენტად და მას, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს, არ იყენებენ.

კლიენტს, რომელსაც ჩვენს სერვისს ვთავაზობთ, მივყვებით ბოლომდე, ვაკონტროლებთ ბიზნეს-გეგმის შესრულების ხარისხს, ვახდენთ შესრულების მონიტორინგს, ვსწავლობთ გეგმის შესრულების შემაფერხებელ ფაქტორებს და ვიმუშავებთ რეკომენდაციების ბიზნესის სწორად განვითარებისათვს. ჩვენი კომპანიის მიზანია ბიზნეს–გეგმა არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტი და მას ჰქონდეს პრაქტიკული დატვირთვა.

რა დონეზეა განვითარებული დღეს დამწყები და მცირე-საშუალო მეწარმეობა? რა არის მეწარმეობის ხელის შემშლელი და ხელშემწყობი გარემოებები?

ბოლო პერიოდის საერთაშორისო კვლევებს თუ გადავხედავთ, მცირე და საშუალო მეწარმეების ზრდა შეიმჩნევა როგორც რეგიონში, ისე საქართველოს ფარგლებში. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: გაიზარდა მცირე და საშუალო მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დონე – მოცემული ეტაპისათვის მოქმედებს როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ბიზნესების ხელშეწყობისკენ; გაიზარდა მცირე და საშუალო მეწარმეთა ცოდნის დონე; გაიზარდა ინოვაციური მეწარმეობის წახალისების დონე; გაიზარდა ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების დონე; ბიზნესის რეგისტრაციის პროცესების მარტივია, დაბალია ბიუროკრატიის დონე.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებად კი გვევლინება:

  1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდების დაბალი დონე. საქმე გვაქვს ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფინანსებზე წვდომის სხვადასხვა პროგრამა, მათ შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა დიდ ნაწილს არ მიეწოდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ვაკუუმი გარკვეულწილად ამოვავსოთ
  2. მეწარმეების მიერ არ ხდება ბიზნესის სწორი დაგეგმვა, ხშირ შემთხვევაში ბიზნესის დაწყება ხდება დაუგეგმავად ყოველგვარი გათვლებისა და სტრატეგიის გარეშე. არსებული იწვევს ბიზნესის ქაოტურად მართვას და არ იძლევა მისი კონტროლის საშუალებას
  3. მეწარმეთა დიდი ნაწილი ბიზნესს იწყებს ისე, რომ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსები. არასაკმარისი ფინანსებით ბიზნესის დაწყება კი იწვევს არასწორი ეკონომიების განხორციელებას და საბოლოოდ მივყავართ კრიზისამდე
  4. ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ბარიერი არასაკმარისი განათლება და კონკრეტული სფეროს არცოდნაა. ბიზნესის დაწყება ხშირად მიმბაძველობით ხდება, დამწყები მეწარმეები მიერ არ ხდება ბაზრის შესწავლა
  5. მცირე და საშუალო მეწარმეთა დიდი ნაწილი ორიენტებულია ხარჯების არასწორ დაზოგვაზე, კერძოდ კი ცდილობენ თვითონ გააკეთონ ყველაფერი, რაც ბიზნესისთვის დამღუპველია, რადგან ერთ ადამიანს არ გააჩნია კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით

როგორაა საქართველოში განვითარებული ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობა? რა პრობლემებს აწყდებიან საკონსულტაციო კომპანიები?

ბიზნეს-კონსალტინგის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის აქ­ტი­ვო­ბას უკავშირ­დე­ბა. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად კი ყვე­ლა­ზე მე­ტი მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტი დიდ ქალა­ქებ­შია და­რე­გის­ტ­რი­რე­ბული. შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­ს აქ­ტი­ვო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია თბილის­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში. მზარდია აჭარის რეგიონის ბიზნეს-აქტივობები, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელება დაკავშირებულია მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპების დანერგვასთან, რაც კიდევ უფრო ზრდის ბაზარზე საკონსულტაციო მომსახურების საჭიროებას.

საქართველოს მასშტაბით საკონულტაციო დარგში მოღვაწოებს 200–მდე კომპანია. საკონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის არე­ა­ლი ძი­რი­თა­დად თბი­ლისს მო­ი­ცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ბიზნესს კონსულტაციაში ფულის გადახდა უჭირს, რაც გარკვეულწილად აფერხებს ამ სფეროს განვითარებას. თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა საკონსულტაციო მომსახურებაზე, შესაბამისად, გაიზარდა საკონსულტაციო კომპანიების რაოდენობაც.

როგორია საკონსულტაციო საქმიანობის განვითარების პერსპექტივა?

ბიზნეს-საკონსულტაციო საქმიანობას პერსპექტივაც აქვს და აუცილებელიცაა მისი განვითარება.

საკონსულტაციო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს ქვეყნის არსებული ეკონომიკური ტენდენციები და სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ბიზნეს-სექტორის გაძლიერებისკენ. დღესდღეობით საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და კოოპერატივების მართვის სააგენტოს სახელმწიფო პროგრამები. არსებულის პარალელურად რეგიონში მიმდინარეობს ბიზნესის ხელშემწყობი არასახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ.

დღეისათვის რა პროექტებს ახორციელებს კომპანია?

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამის მონაწილე კომპანიისთვის ბიზნეს–გეგმის შემუშავება, ორი ბიზნეს-გეგმის შემუშავება სამშენებლო და ტურისტული ბიზნესის მიმართულებით და ბიზნეს-კონსულტაციების გაწევა.

გარდა ზემოაღნიშული აქტივობებისა, მიმდინარეობს რეგიონში სტუდენტების შერჩევა, რომლითაც დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი მოახდენს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის მცირე კვლევების წარმოებას, რაც დაგვეხმარება როგორც ჩვენ ბიზნეს-პროექტების შემუშავებაში, ასევე ბიზნესს მიაწვდის ინფორმაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

მოცემული ეტაპისათვის კომპანია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად მუშაობს “მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმის” ორგანიზებაზე, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნესში ქალთა ჩართულობის მხარდაჭერა.

რამ განაპირობა თქვენი ბიზნესის წარმატება, რა იყო ამ საქმეში გადამწყვეტი მომენტი?

ჩვენი ბიზნესის წარმატება განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

  1. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის შიგნით ამოქმედდა ბიზნესის ხელშეწყობის სხვადასხვა მასშტაბისა და მიმართულების, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო პროგრამები, გაიზარდა მოთხოვნა ორგანიზაციის ფასიან სერვისებზე. აღნიშნულის პარალელურად რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობდა ბიზნეს-საკონსულტაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია. საკონსულტაციო ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თბილისში საქმიანობს
  2. კომპანიის დაფუძნება მოხდა გამოცდილი კადრებით, რამაც კომპანიას ბაზარზე შესვლის პროცესში გარკვეული უპირატესობა მიანიჭა, რადგანაც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში კომპანიის თანამშრომლებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ ნდობა და დადებითი იმიჯი
  3. რეგიონში ბიზნესის მზარდი დინამიკა და ბიზნეს-სექტორის მენტალური ცვლილება

რა რჩევებს მისცემთ მეწარმეებს? განსაკუთრებით დამწყებებს და აგრომეწარმეებს? რა არის მათი წარმატების მიღწევის მთავარი ფაქტორები?

პირველ რიგში ვურჩევდით, რომ ბიზნესის დაწყებამდე გაანალიზონ რისი მიღწევა უნდათ, რა მიზანი ამოძრავებთ და სწორად დაგეგმონ ბიზნესი. აუცილებელია იხელმძღვანელონ ბიზნეს-გეგმით და ის არ აქციონ თაროზე შემოსადებ რიგით დოკუმენტად. მეორე – აუცილებელია ბიზნესის დაწყებამდე შეისწავლონ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, სწორად განსაზღვრონ მომხმარებლის საჭიროება. ასევე, მეწარმეებს ვურჩევთ მიუდგნენ საქმეს ინოვაციურად და ნუ შეეშინდებათ სიახლეების. აუცილებელია მოახდინონ ფუნქციების დელეგირება, ნუ შეითავსებენ რამდენიმე ფუნქციას. და ბოლოს, სისტემატურად გაეცნონ სფეროში არსებულ კანონმდებლობას და რეგულაციებს და მის მიხედვით აწარმოონ საქმე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება