შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

თავდაცვა მანიპულაციისგან (I)

პროფილაქტიკური თავდაცვა: სასარგებლო უნარები და ჩვევები

ბევრს იზიდავს საკუთარი სარგებლის მისაღებად გარშემომყოფთა მართვის, მანიპულირების შესაძლებლობა. მანიპულატორის ხელში მარიონეტად რომ არ იქცეთ, უნდა ისწავლოთ იმის უწყვეტი კონტროლი, საკუთარი ნებით გასცემთ რამე სახის ინფორმაციას, უწევთ ვინმეს სამსახურს, თანხმდებით დათმობებზე თუ სხვა მანიპულირებს თქვენით.

ისწავლეთ თქვათ ‘’არა’’

მანიპულატორისთვის ისეთი ადამიანია იოლი ნადავლი, რომელსაც ერიდება დროზე თქვას ‘’არა’’. სჯობს ერთხელ აღმოჩნდეთ არასწორი, ვიდრე მუდამ ეჭვობდეთ და ყოყმანობდეთ. თქვენთვის უსიამოვნო თანამოსაუბრეს ‘’არა’’ მტკიცედ უნდა უთხრათ.

დაიცავით დისტანცია

მანიპულატორს ადამიანის ზედმეტი მიმნდობლობა და იოლად დაახლოების ჩვევა პოტენციურ მსხვერპლზე ღირებულ ინფორმაციას აწვდის. ტყუილად არ წერდა მიხაილ ბულგაკოვი: ‘’ნუ გაესაუბრებით უცნობებს’’.

იყავით არაპროგნოზირებადი

თუ ადამიანის ქცევა მანიპულატორისთვის არაპროგნოზირებადია და მისი ‘’გამოთვლა’’ შეუძლებელია, მაშინ მანიპულაციის მსურველი მასზე ზეგავლენის შესაძლებლობას კარგავს. მანიპულატორისთვის შეუძლებელია გამარჯვება, თუ თამაშის წესები მუდმივად იცვლება.

თავი შეიკავეთ ტრაბახისა და თავის ქებისგან

ტრაბახი და თავის ქება სხვა ადამიანში შურის აღძვრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. იმ ადამიანისთვის, ვისაც მიზნად დაუსახავს სხვისით მანიპულირება – ეს არის პოტენციური მსხვერპლის, ზეგავლენის ობიექტის მიერ საკუთარი სისუსტეების გამოვლენა.

ნუ გამოამზეურებთ თქვენს სისუსტეებს

თანამოსაუბრის სისუსტეების გამოყენება ნებისმიერი მანიპულაციის უცვლელი საფუძველია. ვის სურს წარმოჩინდეს, როგორც მშიშარა, გაუბედავი, გადაწყვეტილების მიღების უუნარო, ხარბი, სულელი, უგემოვნო ადამიანი? პირიქით, ყველას სურს ჩანდეს, როგორც ღირსეული, პატივსაცემი, კეთილშობილი, მნიშვნელოვანი პიროვნება, ჰქონდეს კარგი იმიჯი და ა.შ.

ყველანაირი თაღლითობა – იქნება ის მცირე, თუ გლობალური – სათავისოდ იყენებს ადამიანის:

  • სიხარბეს
  • სწრაფად გამდიდრების სურვილს
  • ცნობისმოყვარეობას, კერძოდ, საკუთარი მომავლის, ბედის გაგების სურვილს
  • მძაფრი განცდების წყურვილს
  • გაუბედაობას, გადაწყვეტილების მიღების უუნარობას

გაუბედაობაზე, გადაწყვეტილების მიღების უუნარობაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ადამიანი, რომელიც თავდაჯერების ნაკლებობას უჩივის, ადვილად შთაგონებადი და მართვადია. ასეთი ადამიანის ცნობა შეიძლება სათქმელის ‘’შემარბილებელი’’ გამონათქვამებით: ნაცვლად იმისა, რომ თქვას ‘’ლიდერობა’’ ან “გამარჯვება’’, ის ამბობს ‘’გარკვეული პოზიციების მოპოვებას’’, ნაცვლად ‘’საზიზღარისა’’ – ‘’არც თუ ისე სასიამოვნოს’’… ასეთი ადამიანის მეტყველებაში სჭარბობს გამოთქმები: ‘’როგორმე’’, ‘’ოდნავ’’, ‘’იქნებ’’, “სულ რაღაც’’ და სხვა. ეს ყველაფერი ძლიერ ამცირებს მეტყველების ენერგეტიკას და თავის მართლების ელფერს სძენს. ასეთ თანამოსაუბრეს სუსტ პიროვნებად თვლიან და ისინი მანიპულატორისთვის ადვილად მოპოვებადი მსხვერპლები ხდებიან. თუ გსურთ ტოვებდეთ სხვა პიროვნებების მხრიდან თქვენი მართვის მცდელობებისადმი მდგრადი ადამიანის შთაბეჭდილებას, თქვენს მეტყველებას მეტი სიცხადე და გაბედულება უნდა შესძინოთ.

***

ეს სტატია არის ამონარიდი ი. ნ. მელიხოვის წიგნიდან ”ფარული ჰიპნოზი. პრაქტიკული სახელმძღვანელო”.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება