ხუთშაბათი , დეკემბერი 26 2024
geen

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი დაიწყო 2013 წლიდან. მას ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, რისთვისაც აგროსაწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

ეს კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას სააგენტოს მიერ.

პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებებისთვის სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის ან/და არსებულ საწარმოებში სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად

პროგრამაში მონაწილეობა, აგროკრედიტის სიდიდე

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი − შეუძლია 20,000-75,000 ლარი სესხის მიღება
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე – შეუძლია 20,000-1,500,000 ლარი სესხის მიღება
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა) – შეუძლია 20,000-1,500,000 ლარი სესხის მიღება
საპროცენტო განაკვეთი და თანადაფინანსება

საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია აღებული სესხის სიდიდეზე:

სესხის სიდიდე (ლარი) საპროცენტო განაკვეთი (%)
20,000-150,000 მაქსიმუმ 16
150,001-600,000 მაქსიმუმ 15
600,001-1,500,000 მაქსიმუმ 14

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საწარმოს უფარავს სესხის 11 %-ს (მაქსიმუმ 66 თვის განმავლობაში).

მიმართულებები

გადამამუშავებელი საწარმოებისთვის სესხის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება
  • ალკოჰოლური სასმელების წარმოება (გარდა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისა)
  • ჩაის წარმოება და/ან დაფასოება
  • ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება
  • კაკლისა და თხილის გადამუშავება
  • მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება
  • მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება
  • თამბაქოს წარმოება
  • ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება
  • სასაკლაოს მოწყობა
  • მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება

ინფრასტრუქტურული საწარმოებისთვის სესხის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები
  • მარცვლეულის საშრობები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრო მეურნეობები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება
  • ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება
  • ქვევრების წარმოება ღვინისთვის

პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის სესხის გაცემა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • მეცხოველეობის ფერმა
  • მეფრინველეობის ფერმა
  • ფრინველის საჩეკი მეურნეობა
  • ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა
  • სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება
  • თევზის წარმოება
  • მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება
სესხის გამოყენების მიზნობრიობა

სესხის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი მიზნებისთვის:

  • არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი
  • ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი
  • ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი
  • შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი
  • წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება
  • შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება (ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის, მუყაოსა და პლასტმასის ყუთები; ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები; საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის, მუყაოს ასეპტიკური და პლასტმასის ტარა, ხუფები)
  • საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი
  • მხოლოდ დადგენილი ჯიშების მერძეული/მეხორცული ან/და კომბინირებული (მერძეულ/მეხორცული) მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – სანაშენე დეკეულის ან/და მაკე უშობელი ფურების შეძენა
  • ფრინველის, კურდღლის, ბოცვრის, თევზის, ფუტკრის ოჯახის, თხის და ღორის შეძენა
  • მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა
  • საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზის)
  • სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის)
  • მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) და დამცავი ბადეების რემონტი, მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის)
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის რემონტი, მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე) (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის)
  • მეცხოველეობისათვისა და მემცენარეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა

დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

  • მიწის შეძენა;
  • არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) შეძენა, რემონტი
  • სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების შეძენა, რემონტი
  • მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა
  • სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წილ(ებ)ის შეძენა
შენიშვნა

შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის მიღების, დამუშავების და სესხის გაცემის პროცესში.

პროგრამის დეტალური პირობები, შეზღუდვები, გამონაკლისები, დამატებითი პირობები იხილეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ გვერდზე. შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ უფასო ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებიდან და ქოლ-ცენტრიდან 1501.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება