პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

სახელმწიფო პროგრამა ‘’დანერგე მომავალი’’: სანერგეების კომპონენტი

სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს  სანერგე მეურნეობის შექმნის ან განვითარების მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.

სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში შემდეგი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

ფინანსური დახმარება

სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად სახელმწიფოს თანადაფინანსების სიდიდეა დასაფინანსებელი პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50 % ერთ ბენეფიციარზე, ჯამურად არაუმეტეს 150,000 ლარი. სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით.

ტექნიკური დახმარება

ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები სარგავი მასალის გამრავლების ტექნოლოგიებსა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პრინციპების შესახებ.

მოთხოვნები ბენეფიციარებისადმი
  • ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოში დაფუძნებული საწარმო ან ინდივიდუალური მეწარმე
  • ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს
  • ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ “შემოსავლების სამსახურის” მიმართ
დაფინანსების მიზნობრიობა

სახელმწიფო თანადაფინანსების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:

  • უვირუსო სადედე ნერგების შეძენა
  • ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეების შეძენა
  • პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა
  • თანამედროვე ტიპის სარწყავი სისტემების მოწყობა
  • სასათბურე კონსტრუქციის მოწყობა
  • ნერგის შესანახი მაცივრის მოწყობა
  • სპეცტექნიკის შეძენა

შესაქმნელი სანერგე მეურნეობის წარმადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000 ნერგს წელიწადში.

მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი, საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ნიმუშები, ანალიზების სია, ლაბორატორიების სია და კოორდინატები და დოკუმენტაციის ნიმუშები, გასავლელი ეტაპები და პროგრამის სხვა პირობები იხილეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება