შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen
Risk Management concept image with business icons and copyspace.

რისკი და შანსი

‘’ყველა დიდ საქმეში იძულებულნი ვართ საქმის რაღაც ნაწილი შემთხვევითობას მივანდოთ’’. ნაპოლეონ ბონაპარტი

რისკის ცნება

ადამიანის ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. უმეტესად ადამიანის გეგმები (ან უბრალოდ მოლოდინი) და მიღებული შედეგები განსხვავდება ერთმანეთისგან. ხშირად ჩნდება ისეთი გარემოებები, რომლებიც ადამიანს ხელს უშლის არა მხოლოდ მისი სასურველი მიზნის მიღწევაში, არამედ აუარესებს მის მანამდე არსებულ მდგომარეობასაც.

მოულოდნელ ხანძარს შეუძლია გაანადგუროს საცხოვრებელი სახლი, უბედურმა შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანს სხეულის დაზიანება, რაც მოითხოვს მკურნალობის ხარჯებს და შრომისუუნარობის გამო იწვევს შემოსავლის დაკარგვას, სტიქიურ უბედურებას შეუძლია უსახლკაროდ დატოვოს ათასობით ადამიანი.

გაუარესება ეხება ადამიანის ცხოვრების არა მხოლოდ ქონებრივ, მატერიალურ მდგომარეობას, არამედ ემოციურ, მორალურ, ჰუმანურ მხარესაც.

ახლობლის წერილის ან ოჯახური ფოტოალბომის დაკარგვა, ავარიით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება იწვევს არამატერიალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.

ხანძარი, აფეთქება; სტიქიური უბედურებები: მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ზვავი, მეწყერი; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; ომი, ტერორისტული აქტი, სახალხო მღელვარებები; ავტოსაგზაო, საავიაციო, საზღვაო ავარიები; სხეულის დაზიანება, ჯანმრთელობის გაუარესება, გარდაცვალება – ეს რისკების არასრული ჩამონათვალია.

რისკის ცნება წარმოიშვება მაშინ, როცა არსებობს დაგეგმილსა და ფაქტიურ შედეგებს შორის გადახრის შესაძლებლობა, რაც უკავშირდება მომავალს და, როგორც წესი, აუარესებს ადამიანის, ორგანიზაციის, საზოგადოების მდგომარეობას.

არ არსებობს რისკის ერთი, ცალსახოვანი განმარტება: ეკონომისტებს, აქტუარებს, ფინანსისტებს, რისკის მენეჯერებს, სტატისტიკოსებს რისკის საკუთარი კონცეფციები და განმარტებები აქვთ. ზოგადად, რისკის განმარტება შესაძლებელია სხვადასხვაგვარად, მაგრამ ძირითადად მისი არსი ორგვარად გამოიხატება:

რისკის განმარტებები

რისკი არაკეთილსასურველი შემთხვევის მოხდენის, ზარალის, დანაკარგების ალბათობაა,  შესაძლებლობაა.

როდესაც ადამიანი თვლის, რომ სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება სარისკოა (დაბალრისკიანია), დიდია (მცირეა) წაგების ალბათობა, მაღალია (დაბალია) რისკი, ასეთ შემთხვვებში რისკი წარმოჩინდება, როგორც ზარალის დადგომის შესაძლებლობა, ალბათობა და მას ეძლევა სათანადო შეფასებაც (რისკი მაღალია (დაბალია) ანუ დიდია (მცირეა) ზარალის, დანაკარგის მიღების ალბათობა).

  • რამდენია ავტომობილის მოპარვის რისკი?
  • 15,000 ლარიანი ავტომობილის / დაუცველ ადგილზე / ღამით?
  • 3,000 ლარიანი ავტომობილის / პოლიციის შენობის გვერდით / შუადღეს?
  • რამდენია ახალი ბიზნესის დაწყების რისკი?
  • რამდენია თბილისში ვულკანის ამოფრქვევის რისკი?
  • რამდენია ადამიანის გარდაცვალების რისკი?

რისკი ზარალის დადგომის მიზეზია.

როდესაც ადამიანი იკვლევს იმ კონკრეტულ საფრთხეებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის სამეწარმეო საქმიანობას, მაგ.: მაღალი კონკურენცია, კაპიტალის უკმარისობა, უხარისხო ნედლეულის მოწოდება, სადისტრიბუციო ქსელის ავტომობილის გაჩერება, სტიქიური უბედურებები, ასეთ შემთხვევაში ეს საფრთხეები, რისკები, წარმოჩინდება, როგორც მოსალოდნელი ზარალის შესაძლო მიზეზები.

სად იკვეთება რისკის ეს 2 განმარტება? რას ნიშნავს ‘‘ხანძრის რისკი’‘? ‘‘აფეთქების რისკი’‘? ‘‘ავტოავარიის რისკი’‘? ‘‘ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის რისკი’‘?

რისკის ცნება დაზღვევაში სხვა მნიშვნელობებითაც გამოიყენება:

რისკი არის დაზღვეული ობიექტი.

სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო პორტფელი შედგება ტვირთისა და ავტომობილების რისკებისაგან, სიცოცხლის დაზღვევის რისკებისაგან.

რისკი არის სადაზღვევო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სიდიდე.

  • სადაზღვევო კომპანიას შეუძლია დასაზღვევად მიიღოს 1,000,000 ლარამდე სიდიდის ცალკეული რისკები.
  • სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა 20,000 ლარიანი რისკი.
  • სადაზღვევო კომპანიამ გადაზღვევაზე გაუშვა 100,000 ლარზე მაღალი რისკები.

ზოგადად, რისკი, როგორც ზარალის დადგომის მიზეზი, სხვადასხვა გარემოებათა ერთობლიობაა, რომლის შედეგი უცნობია და, შესაბამისად, არაა უსაფრთხო. უცხო სიტყვათა ლექსიკონში და ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა ‘‘რისკი’‘ განიმარტება როგორც ‘‘ალალბედზე მოქმედება, სახიფათო მდგომარეობაში ჩადგომა’‘. ადამიანისათვის არაა საჭირო განსაკუთრებული ცოდნა და განათლება (მაგალითად, რისკ-მენეჯმენტის სფეროში) იმისათვის, რომ მისთვის რისკი ასოცირდებოდეს საფრთხესთან, დანაკარგებთან, ზარალთან. ესაა რაღაც, რაც შეიძლება მოხდეს (თუმცა, შეიძლება არც მოხდეს) და მოიტანოს დაუგეგმავი და არასასურველი შედეგები. ეს არის ზარალის დადგომის პოტენციური შესაძლებლობა. შესაძლოა, რისკის ყველა განმარტება სიტყვა-სიტყვით არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ თითოეულ მათგანს ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ:

ჯერ ერთი, რისკი არის მოვლენა უარყოფითი შედეგებით ან ამ მოვლენის შესაძლებლობა, იგი დაკავშირებულია კონკრეტულ ობიექტთან და იწვევს არსებული მდგომარეობის გაუარესებას.

მეორეც, რისკი დაკავშირებულია მომავალთან, გაურკვევლობასთან და შემთხვევითობასთან. თუ რისკი არასოდეს დადგება, მისი ალბათობა ნულის ტოლია. თუ რისკი აუცილებლად დადგება, მისი ალბათობაა 1 = 100 %. რისკების უმრავლესობა ამ შუალედშია თავმოყრილი ანუ რისკების უმეტესობა შეიძლება მოხდეს, შეიძლება არა. თბილისში ვულკანის ამოხეთქვის რისკი ნულოვანია, ადამიანის გარდაცვალების რისკი 100 %-ია, მაგრამ გაურკვეველია მისი დადგომის დრო.

რისკი და შანსი

ზოგადად, რისკი არის დაგეგმილ და რეალურ შედეგებს შორის უარყოფითი გადახრის ანუ მოსალოდნელ შემთხვევაზე არასასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა.

რისკის საპირისპირო ცნებაა შანსი, ‘‘პირობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებას, მოგებას’‘ (ქეგლ), დაგეგმილ და რეალურ შედეგებს შორის დადებითი გადახრის ანუ მოსალოდნელ შემთხვევაზე კეთილსასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა.

შანსი დაგეგმილ და რეალურ შედეგებს შორის დადებითი გადახრის ანუ მოსალოდნელ შემთხვევაზე კეთილსასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა. შანსი მოგების, მიღების შესაძლებლობაა.

მოსალოდნელი შედეგების მიხედვით ამ აზრს ნათლად გამოხატავს სიტყვები: ‘‘წაგების რისკი და მოგების შანსი’‘: რისკი ყოველთვის ასოცირებულია დანაკარგებთან, არსებული მდგომარეობის გაუარესებასთან, ზარალთან, წაგებასთან, ხოლო შანსი – რაღაცის შეძენასთან, მიღებასთან, მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, გამარჯვებასთან.

ახლავს თუ არა რაიმე სახის შანსი ავტომობილის გატაცებას? ვისთვის? ტოტალიზატორზე თამაშს? გზის გადაკვეთას წითელ ნიშანზე?

***

სტატია არის ამონარიდი გიორგი გიგოლაშვილის წიგნიდან ”სადაზღვევო საქმე” (მე-2 გამოცემა, ISBN 978-9941-0-4795-4).

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება