კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

რეიტინგი: დემოკრატიის ინდექსი 2017

დემოკრატიის რეიტინგი ყოველწლიურად ბრიტანული გამოცემის “ეკონომისტის” მიერ ქვეყნდება. იგი იკვლევს დემოკრატიის მდგომარეობას 165 დამოუკიდებელ ქვეყანასა და 2 ტერიტორიაში. დემოკრატიის ინდექსი დაფუძნებულია 5 კრიტერიუმზე: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი; სამოქალაქო თავისუფლება; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკაში ჩართულობა; პოლიტიკური კულტურა. თითოეულ ამ მაჩვენებელში მიღებულ ქულაზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული ქვეყნის 4-დან ერთ რომელიმე ჯგუფზე მიკუთვნება. აღნიშნული ჯგუფებია: “სრული დემოკრატია”, “არასრული დემოკრატია”, “ჰიბრიდული რეჟიმი” და “ავტორიტარული რეჟიმი”.

საქართველო მიეკუთვნება “ჰიბრიდული რეჟიმის” ქვეყნების ჯგუფს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ტარდება და მთავრობის ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებზე ჩვეულებრივი მოვლენაა. ასევე სერიოზული ხარვეზებია პოლიტიკურ კულტურაში, მთავრობის ფუნქციონირებასა და პოლიტიკურ ჩართულობაში. ასეთი ქვეყნები დიდწილად კორუფციითა და კანონის სუსტი მოქმედებით, დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობითა და  ჟურნალისტებზე ზეწოლით ხასიათდება.

2017 წლის კვლევაში საქართველო 5.93 ქულით (10 ქულიდან)  79 ადგილს იკავებს, რაც 3 ერთეულით აღემატება გასული წლის პოზიციას. მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 7 ქულით 49 პოზიციას იკავებს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 4.29 მთავრობის ფუნქციონირებაში აქვს, ყველაზე მაღალი – 8.67 ქულა კი საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში.

რეიტინგში ლიდერობენ: ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია. ხოლო ბოლო 5 პოზიციას ინაწილებენ: კონგო, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, სირია და ჩრდილოეთ კორეა. ამერიკის შეერთებული შტატები 21-ე, ხოლო რუსეთი – 135-ე პოზიციას იკავებს.

იხილეთ სრული კვლევა.

***

სტატიის წყაროა Economist Intelligence Unit

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება