შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

რეფორმეტრი: საპენსიო რეფორმა

პროექტს “რეფორმეტრი” ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით. მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

2018 წლის 8 ივნისს, რეფორმეტრის მეორე ფაზა საპენსიო რეფორმის შეფასებით დასრულდა. სამთავრობო კვლევამ აჩვენა, რომ ამ ეტაპისთვის რეფორმის 38,8%-ია შესრულებულია და ეს მაჩვენებელი I ფაზის შემდეგ არ გაზრდილა.

ეროვნული ბანკის აზრით, მათი როლი საპენსიო რეფორმაში მკაფიოდ არის განსაზღვრული. უნდა შეიქმნას ორი დამოუკიდებელი საბჭო: სამეთვალყურეო და საინვესტიციო. სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი ფუნქცია ფონდის მიმდინარე ყოველდღიური საქმინაობის წარმართვაა, ხოლო საინვესტიციო საბჭო კი, უშუალოდ საინვესტიციო განდაწყვეტილებებზე არის პასუხისმგებელი. სწორედ დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭოს არსებობა არის ინსტიტუციონალური რისკების მინიმიზების წინაპირობა.

ISET-ის მკვლევარების აზრით, საპენსიო სისტემაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ მისი მიზნები და შეზღუდვები. მთავარი მიზანია საპენსიო ასაკში მყოფ მოსახლეობაში სიღარიბის შემცირება და დროში შემოსავლების გადანაწილება. თუმცა არსებობს ორი მთავარი გამოწვევა ეს არის ფისკალური სტაბილურობა და სოციალური სტაბილურობა.

დღესდღეობით საქართველოში არსებული საბაზისო პენსია პასუხობს მის მთავარ მიზანს, რომელიც არის სიღარიბის შემცირება. ბოლო 5 წლის განმავლობაში საბაზისო პენსიამ გადააჭარბა საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს. თუმცა საშუალო ხელფასის ჩანაცვლების კუთხით, საბაზისო პენსია მხოლოდ 24 %-იან ნიშნულს აღწევს. ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო დაბალია საშუალოზე მაღალი ხელფასის მქონე პირებისათვის. თუ დღევანდელ საპენსიო სისტემას შევაფასებთ ფისკალური სტაბილურობის კუთხით, ვნახავთ, რომ მდგომარეობა არც ისე დრამატულია. დემოგრაფიული სტატისტიკისა და სამუშაო ბაზრის სტრუქტურის გათვალისწონებით, ვარაუდობენ, რომ საპენსიო დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 7 %-ს არ აცდება და პირიქით, გარკვეული პერიოდის შემდეგ შემცირებასაც კი დაიწყებს.

იხილეთ საპენსიო რეფორმის მეორე ფაზის სრული მიმოხილვა.

***

სტატია შექმნილია რეფორმეტრის მონაცემთა საფუძველზე.

მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება