სამშაბათი , აპრილი 23 2024
geen

პროექტი ”დანერგე მომავალი”: 2015-2017

პროექტის მიზანი

პროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსების დახმარებით გააშენონ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები და შექმნან სანერგე მეურნეობები. პროექტის
განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

პროექტის კომპონენტები

პროექტი ”დანერგე მომავალი” შედგება ორი კომპონენტისგან: მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი და სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტი.

მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში ფინანსდება ნერგების ღირებულების 70 % (დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა) და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50 % (1 ჰა-ზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად განსაზღვრულია არაუმეტეს 2,500 ლარის ოდენობის თანადაფინანსება).

სანერგე მეურნეობის კომპონენტში ფინანსდება სანერგე მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %, არაუმეტეს 150,000 ლარისა.

დაფინანსებული პროექტები

პროექტის დაწყებიდან (2015 წლის მარტი) 2017 წლის ჩათვლით პერიოდში დამტკიცებულია 691 პროექტი (613 ბენეფიციარი) ბაღების კომპონენტში და 2 პროექტი სანერგეების კომპონენტში. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 22,337,861 ლარი. ბაღების/სანერგე მეურნეობის უკვე გაშენებული და დაგეგმილი გასაშენებელი ფართობი შეადგენს 4,298 ჰა-ს.

2017 წელს დამტკიცდა 307 პროექტი ბაღების კომპონენტში, პროგრამის მხრიდან დაფინანსება ჯამურად განისაზღვრა 10,148,508 ლარით. ბაღების უკვე გაშენებული და დაგეგმილი გასაშენებელი ფართობი 1,783 ჰა-ს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, ყველაზე მეტი დაფინანსება გაცემულია შემდეგ კულტურებზე: კაკალი, ვაშლი, ლურჯი მოცვი, ჟოლო, ნუში და ქლიავი.

შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის პირობები.  უფასო ინფორმაცია და კონსულტაციები შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლ-ცენტრიდან სატელეფონო ნომრებზე 1501 და 032 2 47 01 01 და სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

***

სტატიის წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება