ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

პრობლემის გადაჭრის გზა: 5W

”5W” წარმოადგენს კითხვებს, რომლებზე გაცემული პასუხებიც ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემის გადაჭრის საფუძველს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამოიყენება ჟურნალისტიკაში, ბიზნესში, კვლევებსა და კრიმინალურ გამოძიებებში. აღნიშნული მეთოდი ერთგვარი ფორმულაა კონკრეტულ თემაზე სრული ინფორმაციის მისაღებად. „5W“-ს პრინციპის თანახმად, საკითხი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად განხილულად, თუ ის პასუხობს შემდეგ კითხვებს: „ვინ? რა? როდის? სად? რატომ?“.

დეტალურად გავეცნოთ თითოეულ მათგანს:

”ვინ” (Who?)

”ვინ” განსაზღვრავს პრობლემაზე მომუშავე პირებს. კითხვების მაგალითებია:

  • ვის უნდა პრობლემის გადაჭრა ან ამ პროცესში მონაწილეობის მიღება?
  • ვინ იძენს სარგებელს პრობლემის გადაჭრიდან?
  • ვინ იხდის ფულს პრობლემის გადასაჭრელად?
  • ვინ უჭერს მხარს პრობლემის გადაჭრას?
  • ვინაა უფლებამოსილი იმოქმედოს პრობლემის გადასაჭრელად?
  • ვის რა როლი აკისრია პრობლემის მოგვარებაში?
  • ვის ექნება წვდომა მთავარ მონაცემებზე?
  • ვინ მართავს პრობლემის გადაჭრის პროცესს?
  • ვინ გვაკლია?
”რა” (What?)

”რა” განსაზღვრავს პრობლემის მოგვარების პროცესში წარმოშობილ სხვადასხვა მონაცემს, მასალას, შედეგს, არტეფაქტს და ა.შ.  „რა“-სთან მიმართებით შეიძლება დასვათ შემდეგი კითხვები:

  • რა არის პრობლემის მოგვარების მიზნები და ამოცანები?
  • რა საკითხში დაეხმარება პრობლემის გადაჭრა მოქმედ პირებს?
  • რა მონაცემებია საჭირო პრობლემის მოგვარების გზების გამოსავლენად, მოქმედებაში მოსაყვანად და შედეგების მისაღებად?
  • რა მონაცემები გვაქვს?
  • რა არის მთავარ მონაცემთა წყარო?
  • რა ბიზნეს-წესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს პრობლემის გადაჭრა?
  • რა პროცესების გამარტივება და მხარდაჭერაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელად?
  • სხვა რა სისტემებთან ურთიერთობას მოითხოვს პრობლემის მოგვარება?
  • რა სიდიდეებში უნდა გაიზომოს პრობლემის მოგვარების დონე?
  • სხვა რა პრობლემებს გადაჭრის ან ამცირებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება?
  • რა გამოგვრჩა?
”როდის” (When?)

”როდის” ეხება დროზე დამყარებულ მოვლენებსა და საქმიანობებს, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. „როდის“-თან დაკავშირებული კითხვის მაგალითებია:

  • როდისაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელი ღონისძიებების აქტივაცია?
  • როდის უნდა შეძლონ მოქმედმა პირებმა კონკრეტული საქმიანობების განხორციელება?
  • როდისაა საჭირო პერიოდული ქმედებების ჩატარება (მაგ: დღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად, წლიურად, ა.შ.)?
  • როდის უნდა მოხდეს მიღწეული მიზნის მოქმედებაში მოყვანა? (მაგ: სამუშაო საათებში, 24/7/365, ა.შ.)
  • საჭიროა თუ არა რომელიმე საქმიანობის მსვლელობის დროში დაფიქსირება?
”სად” (Where?)

”სად” განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გეოგრაფიულ ან/და ლოგისტიკურ ასპექტებს. კითხვების მაგალითებია:

  • სად იმყოფებიან მოქმედი პირები?
  • საიდან უნდა შეეძლოთ მოქმედ პირებს მიზნის მიღწევის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გამოყენება?
  • რა ტერიტორიულ ერთეულზე უნდა გადაიჭრას პრობლემა?
  • სად უნდა მოხდეს მუდმივ მონაცემთა შენახვა?
  • სად უნდა მოხდეს დროებით მონაცემთა შენახვა?
  • სად უნდა მოხდეს სარეზერვო ინფორმაციის შენახვა?
”რატომ” (Why?)

”რატომ” ეხება სხვადასხვა მამოძრავებელ ან შემზღუდველ ფაქტორებს (შიდა ან/და გარე), რომელთა ფარგლებშიც უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. პრობლემის ანალიზის ამ ეტაპზე შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მეთოდი –  „5 რატომ“. „რატომ“-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კითხვებია:

  • რატომ გვჭირდება პრობლემის გადაჭრა?
  • რატომ გვჭირდება პრობლემის გადაჭრა ახლა?

საკითხის განვრცობისთვის 5W-ს ხშირად 1H-საც („როგორ?“ – How?) ურთავენ.

”როგორ” (How?)

”როგორ“ განსაზღვრავს პრობლემის მოგვარების პროცესში შერჩეული ინსტრუმენტების და მეთოდების გამოყენების თავისებურებებს. კითხვების მაგალითები:

  • როგორ უნდა მოხდეს პრობლემის გადაჭრა?
  • როგორ უნდა მოხდეს პრობლემის მოსაგვარებლად ცალკეული მეთოდების გამოყენება?
  • როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა მოქმედმა პირებმა პრობლემის გადაჭრის პროცესში?

მნიშვნელობა არ აქვს რამხელა პროექტს ამუშავებთ ან რამდენად სერიოზული პრობლემის გადაჭრა გიწევთ, ზემოთ ნახსენებ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გაგიმარტივებთ ამ პროცესს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება