კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

მიკრომარკეტინგი

მიკრომარკეტინგი არის მარკეტინგული სტრატეგია, სადაც რეკლამა მიზნობრივ მომხმარებელთა მცირე ჯგუფზეა ფოკუსირებული. იგი მოითხოვს კონკრეტული აუდიტორიის კონკრეტული მახასიათებლებით (მაგ: ZIP კოდი ან თანამდებობა) განსაზღვრას, რის საფუძველზეც ბიზნესი სარეკლამო კამპანიას ქმნის. მიკრომარკეტინგი ხშირად საკმაოდ ძვირადღირებულია მაღალი სიზუსტისა და მასშტაბის ეკონომიის (უფრო მეტ მომხმარებელზე წვდომა იმავე დანახარჯებით, რაც მცირე სეგმენტზე წვდომისთვის გამოიყენება) არქონის გამო.

მარკეტინგი არის ბიზნესის მნიშვნელოვანი ელემენტი კონკურენტულ გარემოში საქმიანობისას. იგი წარმოადგენს სტრატეგიას, რომელიც გამოიყენება ბრენდის ცნობადობის, გაყიდვებისა და მოგების გასაზრდელად. ნებისმიერი ბიზნესის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია მარკეტინგული კამპანიის წარმატების ხარისხზე. მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ერთ პროდუქტს წარადგენს თუ რამდენიმეს, მან უნდა განსაზღვროს მიზნობრივი ბაზარი. წარსულში კომპანიები როგორც წესი მასიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს აწარმოებდნენ სატელევიზიო ან რადიო-რეკლამების საშუალებით. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ყველა სახის მომხმარებელთა საერთო მასაში მოიპოვებდნენ საკუთარი მიზნობრივი ბაზრის ყურადღებას. დღესდღეობით ბიზნესებს შეუძლიათ ცალკეულ მომხმარებელს შესთავაზონ მასზე კარგად მორგებული მარკეტინგული სქემა. ეს სტრატეგია მიკრომარკეტინგად იწოდება.

მიკრომარკეტინგის პოპულარობა 1990-იან წლებში გაიზარდა. პერსონალურმა კომპიუტერებმა გაამარტივა ინფორმაციის სეგმენტაცია და მისი მომხმარებლებში გავრცელება. რადგანაც ტექნოლოგია უფრო და უფრო ვითარდება, ინდივიდუალური სეგმენტებისთვის კარგად მორგებული პროდუქციის მიწოდება უწინდელ ძალისხმევას აღარ მოითხოვს. მიკრომარკეტინგულ სტრატეგიას ძირითადად იყენებენ მსხვილი კომპანიები, რომლებიც გამოკვეთავენ მცირე სეგმენტებს საკუთარ მომხმარებლებში ან შეზღუდული რესურსების მქონე პატარა კომპანიები, რომლებსაც ურჩევნიათ მარკეტინგული მეთოდების პერსონალიზაციით საკუთარ მომხმარებლებს კარგად მორგებული პროდუქტი შესთავაზონ.

მიკრომარკეტერები ფართოდ იყენებენ სწრაფად განვითარებად ინოვაციებს, რათა მოახდინონ მონაცემთა ანალიზი მობილური საკომუნიკაციო მოწყობილობებიდან და ელექტრო-კომერციიდან. აღნიშნული მონაცემები დახარისხებულია დემოგრაფიის, გეოგრაფიის, საიტის ან გავრცელების ხერხების მიხედვით. ეს ემსახურება იმ პროდუქციის გამოვლენას, რომელსაც მომხმარებელი ნახულობს ან იძენს. ამას კი ვებ-გვერდი ციფრული მომხმარებლისა და მისთვის მიმზიდველი პროდუქტის დაჯგუფების საშუალებით ახორციელებს. მიკრომარკეტინგი უბიძგებს მიზნობრივ აუდიტორიას საქონლის ან მომსახურების ყიდვისკენ, მისი საბოლოო მიზანი კი მომხმარებლის კმაყოფილების ბიზნეს-მოგებად ქცევაა.

მიკრომარკეტინგის მიმართ სხვადასხვა მიდგომები არსებობს. მაგალითად, ბიზნესმა შეიძლება გადაწყვიტოს მიკრომარკეტინგული პროგრამით ხელმძღვანელობა მისი ლოიალური მომხმარებლების სტიმულირებით, უკმაყოფილო ან გაუჩინარებული მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთებით, კონკრეტული ქალაქის ან რეგიონის მაცხოვრებელთათვის საქონლის ან მომსახურების მარკეტინგით, საქონლის შეთავაზებით კონკრეტული თანამდებობის/სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის და ა.შ.

მიკრომარკეტინგის გამოწვევა მისი განხორციელების მაღალი ღირებულება და მასშტაბის ეფექტის არქონაა. კომპანიები, რომლებიც იყენებენ მიკრომარკეტინგს, როგორც წესი, ხარჯავენ მეტს ერთეულ მომხმარებელზე და ქმნიან მრავალრიცხოვან რეკლამას ბევრი მცირე ჯგუფისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რამდენიმე რეკლამით მასობრივ მიზნობრივ ბაზართან დაკავშირება.

მიკრომარკეტინგი განსხვავდება მაკრომარკეტინგისგან, რომელიც ცდილობს გავიდეს მაქსიმალური რაოდენობის მომხმარებელზე. მაკრომარკეტინგით ბიზნესი ცდილობს გაზომოს რამდენად დიდია მიზნობრივი ბაზარი კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურებითვის და შეიმუშაოს გზები პროდუქტის აღნიშნულ მომხმარებელთა ჯგუფზე პოზიციონირებისთვის.

იმ კომპანიების მაგალითები, რომლებიც მიკრომარკეტინგულ კამპანიას იყენებენ არიან Procter & Gamble (P&G) და Uber. P&G ხელმძღვანელობდა მიკრომარკეტინგით, როდესაც წარუდგინდა შამპუნების და თმის კონდიციონერების პროდუქციის ხაზი ფერადკანიან ქალბატონებს. Uber-მა სოციალური მედია პლატფორმების გამოყენებით მოახდინა ტრანსპორტირების კონკრეტული პრობლემების გამოვლენა თითოეულ ქალაქში, რის შედეგადაც გაზარდა მომხმარებელთა ბაზა შეღავათებისა და მათზე მორგებული სტიმულირების ღონისძიებების საშუალებით.

***

სტატიის წყაროა investopedia.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება