სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

მაღალშედეგიანი ადამიანების 7 ჩვევა: სტივენ კოვის რჩევები

1: იყავით პროაქტიური

იყავით ინიციატივიანი, იყავით მოქმედი და აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს გადაწყვეტილებებზე. თქვენი ქმედებები განპირობებული უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილებებით და არა გარემოებებით. სტიმულსა და ავტომატურ რეაქცია-პასუხს შორის თქვენ გაქვთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გააცნობიერეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები თქვენი ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებია. იყავით პასუხისმგებელი თქვენს გადაწყვეტილებებზე და მის შედეგებზე. იმოქმედეთ თქვენი გავლენის სფეროში. ნუ დაელოდებით, რომ თქვენი პრობლემა თქვენი ჩარევის გარეშე გადაწყდება, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ თქვენი მიზანი თქვენი ჩარევის გარეშე მიიღწევა.

2: დაკონცენტრირდით მიზანზე

ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მიზანი. დაიწყეთ ფიქრი ბოლოდან – მიზნიდან – და იფიქრეთ ამ მიზნების მიღწევის საშუალებებზე. იკვლიეთ, აღმოაჩინეთ და გააცნობიერეთ თქვენი ძირითადი ფასეულობები, პრინციპები და მიზნები. თქვენი ყველა ქმედება უნდა ეთანხმებოდეს ამ პრინციპებს და თქვენი თითოეული ქმედება ერთი ნაბიჯით მაინც უნდა გაახლოებდეთ თქვენ მიერ დასახულ მიზანთან. დააკვირდით თუ როგორ იღებენ სხვა ადამიანები გადაწყვეტილებებს.

3: აკეთეთ მთავარი

პირველ რიგში გააკეთეთ მთავარი საქმე. არა ადვილი, არა საჩქარო, არა უმნიშვნელო, არამედ მთავარი, რომელსაც მართლა შეუძლია გავლენის მოხდება თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მიზნების მიღწევაზე. განსაზღვრეთ რა არის ახლა მთავარი და დაიწყეთ მისი კეთება.

სტივენ კოვის წიგნი ‘’მაღალშედეგიანი ადამიანების 7 ჩვევა: პიროვნების განვითარების მძლავრი ინსტრუმენტები’’ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს-წიგნად.

4: იაზროვნეთ პრინციპით ”მე ვიმარჯვებ / თქვენ იმარჯვებთ”

თქვენს საქმეებში, თქვენს ურთიერთობებში ეძიეთ, იპოვეთ და განახორციელეთ ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილებები. ორივე მხარის გამარჯვება სტაბილური გრძელვადიანი სასარგებლო ურთიერთობებისა და საქმის კეთების ყველაზე სწორი გზაა. ცალმხრივი გამარჯვება სხვისი ფასეულობების და ინტერესების შელახვის ხარჯზე არაა წარმატების მომტანი.

5: ჯერ სხვას გაუგეთ, მერე ეცადეთ თქვენ გაგიგონ

ყურადღებით, მაქსიმალური ჩართულობით უსმინეთ სხვებს, ეცადეთ ჩაწვდეთ რა სურთ, რა აწუხებთ, რას ისახავენ მიზნად, რისი თქმა სურთ სხვებს. შექმენით მზრუნველობით და პატივისცემით გაჟღენთილი გარემო. იპოვეთ ორმხრივად აქტუალური რეალური ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები.

6: გააერთიანეთ ძალები

ისე შეაერთეთ თქვენი და სხვების – თქვენი პარტნიორების, თანამშრომლების, ოჯახის წევრების – ძალები, რომ მიაღწიოთ მიზანს, რომელსაც ვერცერთი ცალკე ადამიანი მარტო ვერ მიაღწევდა. წაახალისეთ და გაამხნევეთ სხვები, იყავით გონიერი ლიდერი.

7: ყოველთვის იარეთ წინ

ყოველთვის განაახლეთ და გადაახალისეთ თქვენი რესურსები, ენერგია, ცოდნა, კავშირები. ყოველთვის შემატეთ თქვენს ცხოვრებას რამე ახალი, სასარგებლო და ხარისხიანი, გაარღვიეთ კომფორტის ზონა, განვითარდით და იარეთ წინ.

სტივენ კოვის წიგნი ‘’მაღალშედეგიანი ადამიანების 7 ჩვევა: პიროვნების განვითარების მძლავრი ინსტრუმენტები’’ (The 7 Habits of Highly Effective People: Powerful Lessons in Personal Change) აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს-წიგნად. გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება