პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ინტერვიუ Creative Art-ის დამფუძნებლებთან დიანა ელოშვილთან და ინგა ბუკიასთან

დიანა ელოშვილი და ინგა ბუკია ხის, კერამიკის, სარკის, მინისა და ნატურალური ქვების გამოყენებით მშვენიერ, დახვეწილ, გემოვნებიან სახლის აქსესუარებს და სამკაულებს ქმნიან. დიანამ და ინგამ ბიზნეს-ჩანაფიქრის გარეშე დაიწყეს ამ ნივთების შექმნა და მეგობრებს გაუზიარეს Facebook-სივრცეში, დამთვალიერებლებისგან კი მყისიერად წამოვიდა მოთხოვნა ამ ექსკლუზიური დიზაინის ხელნაკეთ პროდუქციაზე და ასე იქცა ჰობი წარმატებულ მეწარმეობად. საქმიანობა თანდათან ფართოვდება და მალე, 10-13 თებერვალს დიანა ელოშვილის და ინგა ბუკიას ჯგუფის Creative Art-ის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც შედგება თანამედროვე ხელოვნების გალერიაში SFUMATO ART.

ინტერვიუ Creative Art-ის დამფუძნებლებთან დიანა ელოშვილთან და ინგა ბუკიასთან

როგორ დაიწყეთ სამეწარმეო საქმიანობა? როგორ გაჩნდა ბიზნეს-იდეა?

დიანა: თავიდან ჩვენი საქმიანობა – სახლის აქსესუარების დამზადება – იყო უბრალოდ ჰობი, უბრალოდ გვსიამოვნებდა ამ საქმის კეთება, ყველაფერი ერთ დღეს გადავწყვიტეთ და ორიოდე კვირაში 3 ნამუშევარი დავამზადეთ (თითოეული ნივთის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება). გატაცებასთან ერთად ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ოჯახის წევრებს და მეგობრებს

ძალიან მოეწონათ ჩვენი ქმნილებები და ამანაც დამატებითი ძალა და შთაგონება შეგვმატა, გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი შემოქმედება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და ნამუშევრების ფოტოები ჩვენს Facebook-გვერდზე განვათავსეთ – ეს დღე შეიძლება ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებად, საზოგადოებამ მიიღო და მოიწონა ნამუშევრები და წამოვიდა მათი შეძენის მოთხოვნები..

 

”სიყვარულით სავსე კალათა”

ინგა: თუმცა ეს საქმიანობა ჩვენთვის კვლავ ჰობია, საერთოდ არ გვაქვს მთავარი ორიენტირი ფინანსებზე, ბიზნესი ჩვენი ჰობის ბუნებრივი თანმდევი შედეგია და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას.

დიანა: მთავარია მთელი შენი ძალისხმევა, ხალისი, პოზიტივი, საუკეთესო განწყობა ჩააქსოვო შენს საქმიანობაში და თითოეულ ნივთში. ბევრი გვეუბნება, რომ სწორედ ამ პოზიტივს გრძნობენ ჩვენს ნამუშევრებში.

რა სახის პროდუქციას აწარმოებთ და რა ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

ინგა: პროდუქცია ძირითადად სახლის აქსესუარებია, მალე საზოგადოებას კერამიკის სამკაულებსაც შევთავაზებთ. პროდუქციის დასამზადებლად ვიყენებთ კაკლის ხეს, კერამიკას, სარკეს, მინასა და ნატურალურ ქვებს. უმეტესად ნივთები ამ მასალების კომბინაციითაა შექმნილი, რაც ძალიან დახვეწილსა და ექსკუზიურს ხდის დიზაინს.

”დედა” (კაკლის ხე, მარჯანი, მარგალიტი და ნინა რიჩის ფირმის კამეა)

დიანა: თითოეული ნივთის დამზადებას დაახლოებით 1 კვირის მუშაობა სჭირდება, კერამიკის ნაწარმს, მისი დამუშავების სპეციფიკიდან

გამომდინარე, ორჯერ მეტი დრო სჭირდება. კერამიკის ნაწარმის შექმნა იწყება ძერწვით, ამას მოყვება გამოშრობა, ზუმფარით დამუშავება, შემდეგ მოხატვა, მოჭიქურება და კვლავ გამოწვა. ეს საკმაოდ დაკვირვებულ, სკურპულოზურ, ფაქიზ მუშაობას მოითხოვს, რადგანაც ბოლო გამოწვამდე მასალა მყიფეა და არ უნდა დააზიანო.

 

თითოეულ თქვენს ნაკეთობას საკუთარი დასახელება აქვს, რაც მას დამატებით ხიბლს ბადებს. საიდან იღებთ თემებს და დასახელებებს?

დიანა: ეს ცოტა რთული ასახსნელია, რადგან იდეასთან ერთად თავისთავად იბადება სათაურიც. რაც მთავარია, ყველა აღნიშნავს, რომ იდეა, დიზაინი და დასახელება ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული და ავსებენ ერთმანეთს.

”ჯაჭვებიანი სარკე”

რა საფასო კატეგორიაშია პოზიციონირებული თქვენი პროდუქცია?

ინგა: ჩვენი მთავარი მიზანი არაა ფული, ჩვენ გვსიამოვნებს ჩვენი საქმის კეთება და მთავარია მისი მყიდველიც კმაყოფილი იყოს, როგორც ხარისხით, ისე ფასით. ნივთებს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები დავადეთ, მთავარია მის თვითღირებულებაზე ნაკლები არ იყოს. მაღალხარისხიანი ნივთები ხელმისაწვდომ ფასად – ესაა ამ შემტხვევაში ჩვენი პოლიტიკა. ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია ყველანაირი მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, სხვათა შორის, ტურისტებიც ძალიან ინტერესდებიან მისით.

ალბათ ბევრს დააინტერესებს, იღებთ თუ არა შეკვეთებს ინდივიდუალური მომხმარებლისგან?

დიანა: შეკვეთებს ვიღებთ. ყველა ნივთი ინდივიდუალურია. ძალიანაც რომ მოინდომო და სცადო, შეიძლება ორი ნივთი მიამსგავსო ერთმანეთს, მაგრამ ზუსტ გამეორებას მაინც ვერ შეძლებ. და არც არის ამის საჭიროება. მთელი ხიბლი ხარისხსა და განუმეორებლობაშია. ყველა ნივთი ხელნაკეთია, გამორიცხულია კონვეიერის პრინციპით მუშაობა და ნამუშევრების კლონირება. შეკვეთის შემთხვევაში პირველ რიგში დამკვეთის მოთხოვნას ვითვალისწინებთ, თუმცა თითოეულ ნამაშუვარზე იქნება ჩვენი ხელწერა.

“ნატვრის ხე” (კაკლის ხე, მურანოს შუშა, სერდოლიკი, ძოწი, ბროლი, აკვამარინისა და ამეთვისტოს ქვები)

თქვენ რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ საქმიანობა. გაქვთ თუ არა დაგეგმილი რაიმე ღონისძიებები იმისათვის, რომ უფრო ცნობადი გახადოთ Creative Art-ის პროდუქცია? სად შეეძლება მომხმარებელს თქვენი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა?

“მურანოს ყვავილი” (კაკლის ხე, მურანოს შუშის ყვავილი, ქარვა და მწვანე მინა)

ინგა: დიახ, 10-13 თებერვალს გალერეაში SFUMATO ART (თბილისი, ინგოროყვას ქუჩა # 19) გაიმართება ჩვენი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ნებისმიერ პირს შეუძლია მობრძანდეს და დაათვალიეროს. დღეისთვის ყველა მსურველს შეუძლია დაგვიკავშირდეს Creative Art-ის გვერდის მეშვეობით, ახლო მომავალში კი ჩვენი საკუთარი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ.

თქვენ მიერ შეძენილი გამოცდილების გათვალისწინებით რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს?

ინგა: მიუხედავად მოსალოდნელი წინააღმდეგობებისა, მაქსიმალურად გამოიყენეთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.

დიანა: არა მხოლოდ მეწარმეებს, ზოგადად ყველას ვურჩევდი, რომ ის საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებენ, აკეთონ დიდი სიყვარულით და მონდომემებით და მაშინ ყველაფერი გამოუვათ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება