შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ეკონომიკური ტენდენციები: საგარეო ვაჭრობა (2014-2017)

2014 წლის აგვისტოდან ექსპორტის კლება დაიწყო, ხოლო შემობრუნების ტენდენცია შეინიშნება 2015 წლის მესამე კვარტლიდან, როდესაც ექსპორტის  შემცირებაში ფასისმიერი ეფექტი დომინირებდა და  რეალურ გამოხატულებაში ექსპორტმა კლება შეწყვიტა.

რეალურ გამოხატულებაში 2016 წლის მანძილზე ექსპორტი ზრდადი ტემპებით იმატებდა. პირველ კვარტალში რეალურმა ექსპორტმა თითქმის 7 %-ით მოიმატა, მეოთხე კვარტალში კი რეალური ზრდა უკვე 10.5 %-ს შეადგენდა. ჯამში ორწლიანი კლების შემდეგ 2016 წელს რეალური ექსპორტი 7.8 %-ით გაიზარდა. სექტემბრიდან ზრდა უკვე მიღებულ შემოსავლებზეც აისახა, როდესაც ექსპორტი ნომინალურ გამოხატულებაში 8.3 %-ით გაიზარდა. ოქტომბერში ნომინალური მოცულობის ექსპორტი მცირედით, 0.8 %-ით გაიზარდა. მაღალი, 16.8 %-იანი ზრდა დაფიქსირდა ნოემბერში, ხოლო დეკემბერში ექსპორტი ნომინალურად წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.1 %-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში, ექსპორტი წლიურად 4.1 %-ით შემცირდა.

2017 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა და 44.7 % შეადგინა, თებერვალში ზრდა 13.0 % იყო, მარტში – 36.3 %, აპრილში – 27.9, მაისში – 24.9 %, ივნისში – 37.4, ივლისში – 22.4, აგვისტოში – 25.6, სექტემბერში – 27.3, ხოლო ოქტომბერში – 38.3 %. ჯამურად, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ ნომინალურ გამოხატულებაში 29.4 % შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფეროშენადნობების (წვლილი ზრდაში 7.3 პროცენტული პუნქტი), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (წვლილი ზრდაში 5.1 პროცენტული პუნქტი), ყურძნის ნატურალური ღვინოების (წვლილი ზრდაში 2.8 პროცენტული პუნქტი), ნავთობი და ნავთობპროდუქტების (წვლილი ზრდაში 2.3 პროცენტული პუნქტი) და მედიკამენტების ექსპორტში (წვლილი ზრდაში 1.8 პროცენტული პუნქტი). პირველი ათი თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 29.4 %თაა გაზრდილი. ზრდა ძირითადად განპირობებულია ექსპორტის რეალური ზრდით.

2015 წლის მეორე კვარტლიდან გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე დაიწყო იმპორტის კორექტირება და იმპორტის შემცირების ტენდენცია 2016 წლის მაისამდე გაგრძელდა. მაისიდან საინვესტიციო საქონლის იმპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ, რაც ძირითადად მანქანა-დანადგარების (მათ შორის: გენერატორების, სამედიცინო აპარატურის, გამომთვლელი მანქანების, სამრეწველო დანადგარების და ა.შ) იმპორტის ზრდით იყო გამოწვეული, მთლიანი იმპორტის ზრდა განაპირობა. ასევე, პერიოდულად მაღალი იყო შუალედური საქონლის იმპორტის (მათ შორის: მანქანა-დანადგარების ნაწილების და საწვავი და საცხები მასალების) ზრდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამომხმარებლო საქონლის იმპორტის ზრდამ, რაც ნავთობპროდუქტების იმპორტს უკავშირდება. ჯამურად, წლის განმავლობაში დადებითი წვლილი მხოლოდ საინვესტიციო საქონლის იმპორტის შემთხვევაში ფიქსირდება.

ჯამურად, იმპორტში 7.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში. მაღალი ზრდა დაფიქსირდა სამომხმარებლო საქონლის იმპორტში, რაც უმთავრესად ნავთობპროდუქტების იმპორტის მატებით არის განპირობებული. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა შუალედური საქონლის იმპორტი, ხოლო საინვესტიციო საქონლის იმპორტი შემცირდა.

2016 წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტი 4.1 %-ითშემცირდა და $ 2,114 მლნ. შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე $ 1,658 მლნ. შეადგინა, რაც 1.0 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წელს 0.7 %-ით შემცირდა იმპორტი და $ 7,234 მლნ. შეადგინა. ჯამში სავაჭრო ბალანსი გაუარესდა $ 43 მლნ.-ით.

2017 წლის ათ თვეში ექსპორტი 29.4 %-ით გაიზარდა, რაც ნომინალურად $ 500.9 მლნ.-ს შეადგენს. ამავე პერიოდში იმპორტის ზრდა 7.8 % ($ 461.1 მლნ.) იყო. შედეგად, სავაჭრო ბალანსი დაახლოებით $ 39.7 მლნ.-ით გაუმჯობესდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სრული მიმოხილვა იხილეთ  ბმულზე.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება