სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

ეიზენჰაუერის მატრიცა

ყველა ადამიანს აქვს ხარისხიანი ცხოვრების სურვილი, ყველა ბიზნესს აქვს საქმიანი მიზნების მიღწევის სურვილი. ამავე დროს, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივადაა დაკავშირებული ერთმანეთთან: ჩვენ ვაღწევთ იმას, რაზეც ვკონცენტრირდებით, ვიღებთ იმ შედეგებს, რის მიზეზებსაც ვქმნით. თუ ვაკეთებთ უსიამოვნო, უსარგებლო და უმნიშვნელო საქმეებს, ვიღებთ უსიამოვნო, უსარგებლო და უმნიშვნელო შედეგებს. თუ ვიცით რა არის ყველაზე სერიოზული, მნიშვნელოვანი, ღირებული მიზანი და ვაკეთებთ მთავარს ამ მიზნების მისაღწევად, ვიღებთ სერიოზულ, მნიშვნელოვან და ღირებულ შედეგებს. მთავარია ზუსტად განვსაზღვროთ მიზნები და დავიცვათ პრიორიტეტები.

‘’მე მაქვს ორი სახის პრობლემები: სასწრაფო და მნიშვნელოვანი. სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები არაა მნიშვნელოვანი, ხოლო მნიშვნელოვანი პრობლემები არასოდესაა სასწრაფო“. დუაით ეიზენჰაუერი, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი

მიზნების კლასიფიკაცია

მიზნების და საკეთებელი საქმეების პრიორიტეტების მკაფიოდ დასანახად ერთ-ერთი საუკეთესოა ისეთი  მარტივი მეთოდი, როგორიცაა ‘’ეიზენჰაუერის მატრიცა’’. მის მიხედვით, გადაწყვეტილებების მიღების პრინციპი ემყარება 2 ფაქტორს: მიზნის მნიშვნელობის ხარისხს და მისი სასწრაფოდ შესრულების საჭიროებას. მისი გამოყენების შედეგებია მიზნების და საქმიანობის სტრატეგიული, სისტემური ხედვა, საკუთარი თავის ორგანიზება, დროში საქმეების შედეგიანად გადანაწილება, მთავარზე კონცენტრირება და ყველაფერი უვარგისის თავიდან მოცილება.

მეთოდის არსი შემდეგია: მიზნები და შესასრულებელი საქმეები ჯგუფდება მათი მნიშვნელობისა და სასწრაფოობის მიხედვით და ნაწილდება 4 კვადრატში:

კვადრატი 1 – აუცილებლობების კვადრატი

ერთი შეხედვით ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩანდეს (მნიშვნელოვანი და სასწრაფო მიზნები და საქმეებია აქ თავმოყრილი), მაგრამ რეალურად ესაა კრიზისული სიტუაციების ზონა – მათი არშესრულება სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, არა და ამისათვის ძალიან მცირე დროა დარჩენილი. მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება მოკლე დროში კი საკმაოდ რთულია და მათი ჩავარდნის საფრთხეებიც ძალიან მაღალია. ადამიანთა დიდი ნაწილი სწორედ ამ კვადრატში ტრიალებს, რაც მათთვის მუდმივ სტრესს, კრიზისულ აზროვნებას, დაძაბულობას იწვევს.

კვადრატი 2 – ხარისხიანი ცხოვრების და განვითარების კვადრატი

ეს უმნიშვნელოვანესი ზონაა, აქაა თავმოყრილი ის მიზნები და საქმეები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაქსიმუმამდე ზრდის შესაძლებლობების პოვნის, შექმნის და გამოყენების შანსებს, ამ ზონაში ტრიალებს სწორედ ის მიზნები და საქმეები, რომელთა მიღწევა და შესრულება აცილებს ადამიანს 1-ლ კვადრატში გადასვლას, ამცირებს კრიზისულ სიტუაციებს და ცაიტნოტურ გარემოში მნიშვნელოვანი საქმეების შესრულების აუცილებლობას.

კვადრატი 3 – თავის მოტყუების კვადრატი

ხშირად ადამიანს უქმნის იმიტაციას, რომ ის აკეთებს მნიშვნელოვან საქმეებს, რადგანაც ბევრი თვლის, რომ რაც სასწრაფოა, ის მნიშვნელოვანიცაა. ამ კვადრატში სისტემატურად ტრიალის შედეგებია მოკლევადიანი ეფექტი, კრიზისული აზროვნება, ღირებული მიზნების და საქმეების არქონა, ზედაპირულობა.

კვადრატი 4 – რესურსის ფლანგვის კვადრატი

1-ლ კვადრატში მუდმივად მოტრიალე ადამიანი ხშირად გარბის მე-4 კვადრატისკენ – უმნიშვნელო და არასასწრაფო საქმეების ზონაში, რომელთაც არ მოაქვს არავითარი სარგებელი ცხოვრებაში, მაგრამ კრიზისული სიტუაციისგან თავის არიდების და საქმის კეთების იმიტაციას ქმნის.

წარმატებული ადამიანები ყველანაირად იცილებენ თავიდან მე-3 და მე-4 კვადრატის მიზნებს და საქმეებს მათი უმნიშვნელობის და უსარგებლობის გამო. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეამციროს 1-ლი კვადრატი და კონცენტრირდებიან მე-2 კვადრატზე – აქაა თავმოყრილი გარშემომყოფებთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბება, ცხოვრების სტრატეგიული დაგეგმვა, არასასურველი მოვლენების პრევენცია და პროფილაქტიკა, თვითგანვითარება, ფინანსური ძლიერება, ჯანმრთელობა, თვითრეალიზაცია, წინსვლა, პროგრესი. მიზნებისა და საქმეების ამ კვადრატში კონცენტრირება მინიმუმამდე ამცირებს კრიზისულ სიტუაციებს და რესურსის ფლანგვას უსიამოვნო, უსარგებლო და უმნიშვნელო საქმეებზე.

ჩამოწერეთ თქვენი ახლანდელი მიზნები და შესასრულებელი საქმები, დაასრულეთ დღეს თქვენს თავზე აღებული სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები, მაქსიმალურად შეამცირეთ უმნიშვნელო საქმეების რაოდენობა (სასწრაფოც და არასასწრაფოც), კარგად გააანალიზეთ რად მოხვდით 1-ლ, მე-3 და მე-4 კვადრატებში და ახლავე დაიწყეთ მე-2 კვადრატის დაგეგმვა. გირჩევთ ეს პერიოდულად გააკეთოთ და ასევე პერიოდულად შეადაროთ მიღებული შედეგები წინა პერიოდების შედეგებს – ძალიან მალე აშკარად, თვალშისაცემად იგრძნობთ თქვენი საქმეების კეთების და ზოგადად ცხოვრების ხარისხის პრინციპულად გაუმჯობესებას.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება