ნაბიჯი 1: ინდივიდუალურ მეწარმედ რეგიტრაცია
ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით და საკუთარი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.
სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტებია:
- განცხადება (ივსება დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ).
- დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი) და მისი ასლი.
- მომსახურების საფასურის – 20 ლარის – გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაცია ხდება 1 სამუშაო დღის ვადაში. შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც – განცხადების შეტანის დღესვე რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.
ინდივიდუალური მეწარმის დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან იუსტიციის სახლში უნდა წარადგინოთ განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მისამართის მიხედვით. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ან დევნილის მოწმობაში მითითებულ დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ამ პირის ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ნაბიჯი 2: გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით ინდივიდუალურმა მეწარმემ უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის-ცენტრს.
პროექტის Doing Business მიხედვით ბიზნესის დაწყების სიადვილის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. საქართველოში 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის 653,640 სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 406,669 (62 %) ინდივიდუალური მეწარმეა.
***
სტატია შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”