თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო არის “თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო (ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში). თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით, რომელიც განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის. მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ კანონით.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საგადასახადო საკითხებს არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი (მუხლი 25).
***
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”