დროის ეფექტური მართვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. თუ საკუთარ დროს კარგად ვერ განკარგავთ, ვერც სამსახურეობრივ და პირად მიზნებს მიაღწევთ. დროის მართვა მუდმივი წინააღმდეგობის წყარო იქნება თქვენთვის, სანამ დროის ფაქტორს სერიოზულად არ მიუდგებით.
დრო ბალანსის ყველაზე დიდი წყაროა ცხოვრებაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხართ, რამდენი წლის ხართ, რა სქესსა თუ რელიგიას წარმოადგენთ, მდიდარი ხართ თუ ღარიბი, თქვენ დროის იგივე რაოდენობა გაქვთ, რაც ნებისმიერ სხვა ადამიანს. საქმე ეხება არა თქვენს განკარგულებეში არსებულ დროს, არამედ მისი მართვის ეფექტურობას.
თუ სერიოზულად უდგებით საკუთარ მიზნებს, დაგჭირდებათ მათი სწორად დასახვა და ამასთან ერთად ყურადღების გაფანტულობისა და სხვა არახელსაყრელი თვისებების მოშორება. რა ხერხით მიიღწევა ეს? იპოვეთ დროის მართვის სწორი სისტემა და იმუშავეთ მასზე. არჩევანი დიდია და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რომელ მათგაზე შეაჩერებთ ყურადღებას. თუ არ გსურთ ადამიანთა იმ 92%-ში აღმოჩნდეთ, რომლებიც გრძელვადიანი მიზნის მიღწევაში მარცხს განიცდიან, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ იყენებთ თქვენს ძვირფას დროს.
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რაც მეწარმეთა უმეტესობას აქვს არის ბალანსის მიღწევა ზედმეტად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გარეშე. საქმე ეხება ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღწევას და არა მხოლოდ დროში გაწერილ ამოცანებზე გამოკიდებას. თუ ვერ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას, შედეგად მიიღებთ ძალების გამოცლას. დროდადრო საკუთარი პასუხისმგებლობების ეფექტურად გადათამაშების შემთხვევაშიც კი ადრე თუ გვიან მაინც იგრძნობთ სტრესის შემოტევას. დროის მართვის სისტემით ხელმძღვანელობასთან ერთად პირადი ცხოვრებისა და ოჯახისთვის პრიორიტეტის მონახვაც საჭიროა. არ დაგავიწყდეთ პარკში გასეირნება, საყვარელი მუსიკის მოსმენა, ხატვა, პაემანზე წასვლა და ა.შ. ყოველივე ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როცა ამ საქმიანობებით დაკავდებით მიაღწევთ გარკვეულ ბალანსს. ცხოვრება მოკლეა. ნუ დატოვებთ მსგავს ქმედებებს ყურადღების გარეშე უფრო მაღალი კატეგორიის მიზნების მიღწევამდე. დროის მართვაში წარმატების მისაღწევად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
სწორად დასახეთ მიზნები
გამოიყენეთ მიზნების დასახვის სწორი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნებისა და მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტების, სირთულეებისა და ამოცანების სწორად დანახვაში. ამის შემდეგ დარწმუნდით, რომ თქვენ ნამდვილად გსურთ და გჭირდებათ მათი მიღწევა. მიზნების დასახვის არასწორი სისტემა დროთა განმავლობაში არჩეული გზიდან გადაგახვევინებთ, სწორი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში კი მხოლოდ ცა შეიძლება იყოს ლიმიტი.
იპოვეთ დროის მართვის კარგი სისტემა
ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება კვადრატული სისტემა, რომელიც თქვენს საქმიანობებს 4 კვადრატში ანაწილებს ორი კრიტერიუმის მიხედვით – რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის აქტივობა და რამდენად სასწრაფოა მათი განხორციელება. იხილეთ ეიზენჰაუერის მატრიცა.
აღრიცხეთ დრო 7 დღის განმავლობაში
7 დღის განმავლობაში რვეულში ან ტელეფონში აღრიცხეთ თქვენი ქმედებები, დაყავით ისინი საათიან ან ნახევარ საათიან მონაკვეთებად და თითოეულ პუნქტს მოუძებნეთ სათაური. 7 დღის შემდეგ შეაფასეთ თუ რამდენად სწორად გაატარეთ აღნიშნული პერიოდი. გამოყავით ის მონაკვეთები, რომელზეც ფიქრობთ რომ ეფექტური იყო და მეორე მხრივ მონაკვეთები, რომელთა განხორციელებაც დროის ტყუილი ხარჯვა გამოდგა. დაადგინეთ, რას დაუთმეთ ყველაზე მეტი დრო ერთი კვირის განმავლობაში.
მიუძღვენით დილა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს
მარკ ტვენის გამონათქვამია – “თუ თქვენი სამუშაოა ბაყაყის ჭამა, უმჯობესია ეს იყოს პირველი საქმე, რასაც დილით გააკეთებთ, ხოლო თუ 2 ბაყაყი გაქვთ შესაჭმელი, დარწმუნდით რომ დილით დიდ მათგანს შეჭამთ”. ამ გამოთქმის მორალი იმაში მდგომარეობს, რომ უმჯობესია დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები დილითვე მოაგვაროთ, რაც მოგცემთ მამოძრავებელ ძალას დღის დარჩენილი მონაკვეთის ნაყოფიერად გასატარებლად.
მიყევით 80-20 წესს
დროის სამართავად ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია 80-20 წესი – პარეტოს პრინციპი. ის გულისხმობს, რომ მცდელობათა 80% შედეგების 20%-ს გვაძლევს. გაყიდვების სფეროში მისი ინტერპრეტაცია შეიძლება შემდეგნაირად – გაყიდვების 80%-ს მომხმარებლების 20% გვაძლევს. როგორ დაგეხმარებათ ეს წესი დროის მართვაში? გამოყავით მცდელობათა ის 20%, რომელიც შედეგების 80%-ს იძლევა და გაზარდეთ მათი რაოდენობა. ეფექტური აქტივობების გამოვლენა დეტალურ და შრომატევად ანალიზს საჭიროებს.
იხილეთ სტატიის II და III ნაწილი.
***
სტატიის წყაროა: entrepreneur.com
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”