კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სადაზღვევო ტერმინები

გთავაზობთ რამდენიმე სადაზღვევო ტერმინის განმარტებას, რაც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო სადაზღვევო მოთხოვნების შემუშავებაში, სადაზღვევო პროდუქტის შეძენის პროცესში, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების უკეთ გაგებაში.

აჯასტერი

პირი, რომელიც სპეციალიზირებულია ზარალების რეგულირების საქმეში. აჯასტერი მოქმედებს მზღვეველის დავალებით სადაზღვევო პრეტენზიების რეგულირების ეტაპზე, შეისწავლის ზარალის გარემოებებსა და სიდიდეს, ადგენს სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდეს.

აკვიზიციური ხარჯები

მზღვეველის ხარჯები, გაწეული ახალი კლიენტების მოზიდვისა და ძველი კლიენტების შენარჩუნებისათვის.

ანდერაიტინგი

პროცესი, რომელშიც სადაზღვევო ორგანიზაცია შეისწავლის რისკს, წყვეტს მიიღოს თუ არა ეს რისკი დასაზღვევად და თუ მიიღებს – რა პირობებით დააზღვევს მას. ანდერაიტინგის პროცესის მიზანია რისკების სწორი სელექცია და ხარისხიანი სადაზღვევო პორტფელის ჩამოყალიბება.

ანდერაიტინგული რისკი

რისკების არასწორი სელექციისა და დაზღვევის არასწორი პირობების შერჩევის მიზეზით არასასურველი სადაზღვევო პორტფელის ფორმირების რისკი.

აქტუარიკა

სადაზღვევო მათემატიკა.

არასრული დაზღვევა

ქონების დაზღვევა, როდესაც სადაზღვევო თანხის სიდიდე ნაკლებია ქონების სადაზღვევო ღირებულებაზე.

დამზღვევი

სადაზღვევო ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელიც აზღვევს თავისი ან სხვა პირის ინტერესს და იხდის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო პრემიას.

დაზღვეული

პირი, ვისი ინტერესიც არის დაზღვეული.

დაზღვევა

ნდობაზე და კეთილსინდისიერების პრინციპზე დამყარებული ურთიერთობები დაზღვეულთა ჯგუფსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, რომელშიც წინასწარ განსაზღვრული პირობებით დაზღვეულები სადაზღვევო ორგანიზაციას გადასცემენ საკუთარ რისკს და ამ რისკის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის საფასურად ყიდულობენ შესაძლო ზარალის ანაზღაურების გარანტიას.

დაზღვევა გრძელვადიანი / დაგროვებადი და დაბრუნებადი

სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის კლასი, რომლებშიც სადაზღვევო ხელშეკრულება შეიძლება რამოდენიმე ათეული წელი მოქმედებდეს. ამ კლასის დაზღვევის სახეობებში რისკის სიდიდეა 100 % – დაზღვეული პირის გარდაცვალება გარდაუვალია, ასევე, ყოველთვის დადგება გარკვეული შემთხვევა საპენსიო დაზღვევაში (საპენსიო ასაკი, გარდაცვალება), როდესაც სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია გასცეს სადაზღვევო თანხა. სადაზღვევო თანხები გაიცემა დაზღვეულთა საერთო ფონდში შეტანილი თანხებისა და მათზე მიღებული საინვესტიციო მატების ხარჯზე.

დაზღვევა მრავალმაგი

ერთიდაიგივე ინტერესის დაზღვევა ერთიდაიგივე რისკისაგან 2 ან მეტ სადაზღვევო ორგანიზაციაში, როდესაც ჯამური სადაზღვევო თანხა აღემატება დაზღვეული ობიექტის სადაზღვევო ღირებულებას. მრავალმაგი დაზღვევის მახასიათებელი ნიშნებია:

  • უნდა არსებობდეს 2 ან მეტი სადაზღვევო პოლისი
  • დაზღვეული უნდა იყოს ერთი და იგივე ინტერესი
  • დაზღვევა უნდა ხორციელდებოდეს ერთი და იგივე საფრთხისაგან
  • დაზღვეული უნდა იყოს ერთი და იგივე ობიექტი
  • დაზღვევა უნდა იყოს ძალაში ერთი და იგივე ტერიტორიაზე და პერიოდში
  • ყველა სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებული უნდა იყოს ზარალის ანაზღაურებაზე

აუცილებელი არაა ყველა სადაზღვევო ხელშეკრულება იყოს იდენტური, მრავალმაგი დაზღვევის ფაქტის დასადგენად საკმარისია ხდებოდეს ზემოაღნიშნული პირობების თანაკვეთა.

დაზღვევა პასუხისმგებლობის

დაზღვევის სახე, რომელშიც რისკი დაკავშირებულია დაზღვეულის პასუხისმგებლობასთან. დაზღვევის ობიექტია პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს დაზღვეულს მესამე პირთა მიმართ მათი ქონების ან სხეულის დაზიანების, ვალდებულებათა შეუსრულებლობის და სხვა მიზეზთა გამო.

დაზღვევა პირადი

დაზღვევის სახე, რომელშიც რისკი დაკავშირებულია პიროვნებასთან, დაზღვევის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, სხეული, ჯანმრთელობა.

დაზღვევა ქონების

დაზღვევის სახე, რომელშიც რისკი დაკავშირებულია დაზღვეულის ქონებასთან, დაზღვევის ობიექტია ავტომობილი, სახლი, ქარხანა, ტვირთი, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტი.

დაზღვევა ზოგადი / რისკობრივი / მოკლევადიანი

დაზღვევის კლასი, რომლებშიც სტანდარტულად სადაზღვევო ხელშეკრულების ხანგრძლივობა 1 წელი ან ნაკლები პერიოდია. ამ კლასის დაზღვევის სახეობებში რისკის დადგომის ალბათობა 100 %-ზე ნაკლებია – ის ან მოხდება, ან არა. დაზღვეულთა ჯგუფის დაზარალებულ წევრებზე გადანაწილდება ყველა დამზღვევის მიერ საერთო ფონდში შეტანილი თანხები.

დაზღვევის ობიექტი

ობიექტი, რომელიც შეიძლება დაეზღვეს, რაზეც ვრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

დაზღვევის პერიოდი

დროის შუალედი, რომელშიც მოქმედებს სადაზღვევო დაფარვა.

დაზღვევის ტერიტორია

ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება დაზღვევის მოქმედება, ძალაშია სადაზღვევო დაფარვა.

ფრანშიზა

ზარალის ის ნაწილი, რომელსაც არ ანაზღაურებს სადაზღვევო ორგანიზაცია და იფარება დაზღვეულის მიერ; დაზღვეულის რისკის საკუთარი დატოვება.

ფრანშიზა პირობითი

ზარალის დადგომის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია არ ანაზღაურებს ზარალს, თუ მისი სიდიდე არ აღემატება ფრანშიზას სიდიდეს, ხოლო თუ ზარალი მეტია ფრანშიზაზე, ზარალი ანაზღაურდება სრულად (სადაზღვევო თანხის ფარგლებში დაზღვევის სისტემის გათვალისწინებით).

ფრანშიზა უპირობო

ზარალის დადგომის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია არ ანაზღაურებს ზარალს, თუ მისი სიდიდე არ აღემატება ფრანშიზას სიდიდეს, ხოლო თუ ზარალი მეტია ფრანშიზაზე, ზარალს აკლდება ფრანშიზას სიდიდე.

გადაზღვევა

პირდაპირი მზღვეველის მიერ დამზღვევთან დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული რისკის ნაწილის გადაცემა მეორე მზღვეველზე (გადამზღვეველზე), რომელსაც არ აქვს პირდაპირი ურთიერთობა დამზღვევთან.

გამონაკლისები

რისკები ან გარემოებები, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ზარალის მიზეზს და მათ მიერ გამოწვეული ზარალი არ იფარება დაზღვევით.

გავლენის ფაქტორები

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს რისკის სიდიდეზე ან / და ზარალის სიდიდეზე.

გავლენის ფაქტორები არამატერიალური

სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება არამატერიალურ გარემოებებს, ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის განზრახვასა და ქმედებას.

გავლენის ფაქტორები მატერიალური

ობიექტური ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება რისკის ფიზიკურ, გარეგნულ, მატერიალურ მახასიათებლებს.

კონტრიბუცია

სადაზღვევო ორგანიზაციის უფლება მრავალმაგი დაზღვევის არსებობისას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სხვა სადაზღვევო ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს თანამონაწილეობა ზარალის ანაზღაურებაში.

მოსარგებლე

პირი, რომელსაც დამზღვევი ნიშნავს სადაზღვევო ანაზღაურების მიმღებად.

პირველი რისკით დაზღვევის პრინციპი

პრინციპი, რომლის თანახმად სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ანაზღაურდება ზარალის 100 % სადაზღვევო თანხის ფარგლებში (პირველი რისკი), ხოლო თუ ზარალი მეტია სადაზღვევო თანხის სიდიდეზე, სადაზღვევო ორგანიზაცია არაა პასუხისმგებელი ზარალის ამ ნაწილის (მეორე რისკის) ანაზღაურებაზე.

პროპორციული დაზღვევის პრინციპი

პრინციპი, რომლის თანახმად სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს ზარალის იმ ნაწილს, რომელიც ტოლია სადაზღვევო თანხისა და ქონების სადაზღვევო ღირებულების შეფარდებისა.

რისკი

  1. არაკეთილსასურველი შემთხვევის მოხდენის, ზარალის, დანაკარგების ალბათობა, შესაძლებლობა
  2. ზარალის დადგომის მიზეზი
  3. დაზღვეული ობიექტი
  4. სადაზღვევო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სიდიდე

რისკი არაფინანსური

რისკი, რომლის შედეგების გაზომვა შეუძლებელია ფულადი სიდიდით.

რისკი დაზღვევადი

  1. შესაძლებელი უნდა იყოს რისკის დადგომის ალბათობის შეფასება
  2. რისკი უნდა იყოს შემთხვევითი
  3. რისკები უნდა იყოს მსგავსი და მათი რაოდენობა უნდა იყოს საკმაოდ დიდი
  4. შესაძლებელი უნდა იყოს რისკის შედეგების ფინანსური შეფასება
  5. რისკები არ უნდა იყოს სპეკულატიური
  6. რისკი არ უნდა იყოს ძალიან მცირე
  7. რისკი უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს

რისკი ფინანსური

რისკი, რომლის შედეგების გაზომვა შესაძლებელია ფულადი სიდიდით.

რისკი ფუნდამენტური

რისკი, რომლის წარმოშობა და დადგომა არ ექვემდებარება ადამიანის (საზოგადოების) ძალისხმევას და, ამავე დროს, მისი შედეგების გავლენას ერთდროულად ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე განიცდის მთელი საზოგადოება.

რისკი სპეციფიკური

რისკი, რომელიც თავისი წარმოშობითაც და შედეგებითაც უკავშირდება ცალკეულ პირებს.

რისკი სპეკულატიური

რისკი, რომელიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული მოგების შანსთან.

რისკი წმინდა

რისკი, რომლის დადგომა ცალსახოვნად იწვევს მხოლოდ ზარალს, მდგომარეობის გაუარესებას და მასთან არაა დაკავშირებული შანსი რაიმე სახის მოგებისა.

რისკის მართვა

რისკის და მისი შედეგების თავიდან აცილების ან შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.

რისკის რეგისტრაცია

გარკვეულ ობიექტთან დაკავშირებით რისკის ანალიზი, საფრთხისა და გავლენის ფაქტორების, ყველა იმ გარემოების შესწავლა, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რისკის დადგომასა და ზარალის სიდიდეზე.

სადაზღვევო ანაზღაურება

თანხა ან მომსახურება, რომელსაც გასცემს სადაზღვევო ორგანიზაცია დაზარალებულ პირზე სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; დაზარალებულის სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულ მატერიალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური ან სხვა სახის კომპენსაცია.

სადაზღვევო ბროკერი

შუამავალი მზღვეველსა და დამზღვევს შორის, რომელიც წარმოადგენს დამზღვევის ინტერესებს და მისი სახელით დებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველებთან.

სადაზღვევო განაცხადიკითხვარი

სადაზღვევო დოკუმენტი, დამზღვევის შესავსები ანკეტა, შემუშავებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დასაზღვევი რისკის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით.

სადაზღვევო ორგანიზაცია, მზღვეველი

ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სადაზღვევო მომსახურებას, წარმოადგენს სადაზღვევო ურთიერთობათა მონაწილე მხარეს და სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ იღებს დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. სადაზღვევო ორგანიზაცია ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას და პროცედურას, რაც საჭიროა დაზღვეულთა ინტერესების დაცვისათვის ანუ რისკების მიღებისა და ზარალების ანაზღაურებისათვის.

სადაზღვევო პოლისი

დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დამზღვევსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის დადებული შეთანხმების წერილობით დადასტურებას.

სადაზღვევო პრემია

თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს დამზღვევმა სადაზღვევო ორგანიზაციას დაზღვევის საფასურად; სადაზღვევო დაცვის შეძენის ღირებულება.

სადაზღვევო პრეტენზია

დამზღვევის მიერ ზარალის ანაზღაურების განცხადებული მოთხოვნა სადაზღვევო ორგანიზაციისადმი.

სადაზღვევო პროგრამა

სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის ზოგადი, ძირითადი, გენერალური პროგრამა, რომლითაც ხელმძღვანელობს სადაზღვევო ორგანიზაცია და რომელიც დაზღვევის მოცემულ სახეობაში გამოიყენება ყველა დამზღვევისათვის. ამ პროგრამის საფუძველზე იქმნება დაზღვევის წესები (დაზღვევის ზოგადი პირობების ერთობლიობა). დაზღვევის წესების ბაზაზე იდება დამზღვევთან სადაზღვევო ხელშეკრულება, რომელშიც უკვე გათვალისწინებულია ერთი კონკრეტული დამზღვევის ინდივიდუალური მოთხოვნები (სპეციალური პირობები).

სადაზღვევო შემთხვევა

ზარალის დადგომა ისეთ გარემოებებში, როდესაც სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზარალი; სადაზღვევო რისკის, როგორც უშუალო მიზეზის, დაზღვეულ ობიექტზე ზემოქმედებით ზარალის დადგომა სადაზღვევო ტერიტორიაზე დაზღვევის პერიოდში სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით.

სადაზღვევო თანხა

დაზღვეულისადმი სადაზღვევო ორგანიზაციის ვალდებულების მაქსიმალური სიდიდე, შესაძლო სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური სიდიდე. ქონების დაზღვევაში სადაზღვევო თანხა განისაზღვრება  სადაზღვევო ღირებულების მიხედვით, პირად დაზღვევაში სადაზღვევო თანხა წარმოადგენს მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებულ თანხას.

სადაზღვევო ტარიფი

სადაზღვევო დაცვის ღირებულება, გამოხატული პროცენტულად ან ფიქსირებული თანხის სახით სადაზღვევო თანხიდან.

სადაზღვევო ტარიფი ბრუტო

სრული სადაზღვევო ტარიფი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება დაზღვევა.

სადაზღვევო ტარიფი ნეტო

ტარიფის ნაწილი, რომელიც გამოხატავს რისკის ფასს და განკუთვნილია სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ მიღებული რისკების დაფარვის უზრუნველყოფისათვის, მოსალოდნელი გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურებების ფონდის შესაქმნელად.

სადაზღვევო ტარიფის დატვირთვა

ტარიფის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სადაზღვევო ორგანიზაციის პრევენციული, აკვიზიციური ხარჯების, საქმის წარმოების, მართვის და სხვა ხარჯების დაფარვისათვის და მოგების მიღებისათვის.

სადაზღვევო თაღლითობა

მზღვეველის ქონების უკანონო მისაკუთრება მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით.

საკუთარი დატოვება პირდაპირი მზღვეველის

რისკის/ზარალის ნაწილი, რომელსაც საკუთარ პასუხისმგებლობაზე იტოვებს პირდაპირი მზღვეველი.

შანსი

პირობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებას, მოგებას; დაგეგმილ და რეალურ შედეგებს შორის დადებითი გადახრის ანუ მოსალოდნელ შემთხვევაზე კეთილსასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა, მოგების შესაძლებლობა.

სუბროგაცია

რეგრესის უფლება; სადაზღვევო ორგანიზაციის უფლება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ ისარგებლოს დაზარალებულის ყველა უფლებით ზარალის დადგომაში დამნაშავე პირ(ებ)ის მიმართ და მოსთხოვოს ამ უკანასკნელ(ებ)ს კომპენსაცია დაზარალებულისადმი გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში.

სურვეიერი

პირი, რომელიც სპეციალიზირებულია რისკის შესწავლის საქმეში. მოქმედებს მზღვეველის დავალებით ანდერაიტინგის ეტაპზე და აფასებს დასაზღვევს რისკს.

თანადაზღვევა

რამოდენიმე სადაზღვევო ორგანიზაციის შეთანხმებული მონაწილეობა ერთი რისკის დაფარვაში, როდესაც თითოეული მათგანი იღებს პასუხისმგებლობის განსაზღვრულ წილს სადაზღვევო თანხაში.

უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი დაზღვევაში

  1. დამზღვევის ვალდებულება შეატყობინოს სადაზღვევო ორგანიზაციას ყველა სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც იმოქმედებდა ფრთხილი მზღვეველის გადაწყვეტილებაზე მიეღო თუ არა დასაზღვევად მოცემული რისკი და თუ მიიღებდა – რა პირობებით, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ინფორმაცია მოთხოვნილი.
  2. სადაზღვევო ორგანიზაციის ვალდებულება გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უცნობია დამზღვევისათვის და რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სადაზღვევო ურთიერთობებზე.

უშუალო მიზეზი

ქმედითი აქტიური მიზეზი, რომელსაც მოქმედებაში მოყავს მოვლენათა ჯაჭვი, რომლებსაც მივყავართ გარკვეულ შედეგამდე ახალი და დამოუკიდებელი წყაროდან წარმოშობილი და მოქმედი სხვა ძალის ჩარევის გარეშე; დომინანტი მიზეზი, რომლის არსებობისას აშკარად ჩანს კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის; ამავე დროს მიზეზი საკმაოდ ქმედითი და ძლიერია და მოვლენათა ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე შესაძლებელია მომდევნო მოვლენის ლოგიკური პროგნოზირება. თუ მოქმედებს რამოდენიმე მიზეზი, უშუალო მიზეზი უნდა იყოს დომინანტი და ძლიერი, რომელსაც მივყავართ საბოლოო შედეგამდე. ხანდახან შესაძლოა მოქმედებდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი ან მეტი მიზეზი, რომელთაგანაც თითოეულს შეაქვს თავისი წვლილი საბოლოო შედეგის მიღებაში.

ზარალი

რისკის დადგომით მიღებული დანაკლისი, დანაკარგი.

ზარალი არამატერიალური

ადამიანის ჯანმრთელობის, ემოციური, მორალური მდგომარეობის გაუარესება, ზარალი, რომელიც თვალსაჩინოდ და აშკარად არ აისახება ადამიანის მატერიალურ, ფინანსურ მხარეზე; პირობითი ზარალი, რომლის ფინანსური შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

ზარალი მატერიალური

ობიექტის დაზიანება, განადგურება, დაკარგვა; თვალსაჩინო ზარალი, რომელიც ნათლად აისახება დაზარალებული პირის მატერიალურ, ფინანსურ მდგომარეობაზე და რომლის სიდიდის შეფასებაც შესაძლებელია ფინანსური, ფულადი ფორმით ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.

***

სადაზღვევო ტერმინების განმარტებები ამოღებულია გიორგი გიგოლაშვილის წიგნიდან ”სადაზღვევო საქმე” (მე-2 გამოცემა, ISBN 978-9941-0-4795-4).

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება