ბიზნესის აგებისა და მართვის პროცესში საჭიროა ბევრი ქუდის მორგება – თქვენ მოგიწევთ გამყიდველის, ინოვატორის, ფინანსური მენეჯერის, ლიდერისა და სხვა როლების თამაში, ამასთან მთელი დღის განმავლობაში მოგიხდებათ რუტინულ, წვრილ-წვრილ ამოცანებთან გამკლავება. მალე შენიშნავთ, რომ საქმისგან მიღებულ თავდაპირველ სიამოვნებას ხანგრძლივი სამუშაო საათები, ღამეები, დაკავებული შაბათ-კვირები ჩაანაცვლებს და გადასაჭრელ ამოცანათა მუდმივად მზარდ დასტაზე კონტროლს დაკარგავთ.
როდესაც ამ ეტაპამდე მიხვალთ (იდეალურ შემთხვევაში, სანამ ამ ეტაპამდე მიხვალთ), უნდა დაფიქრდეთ თქვენი სამუშაოს ნაწილის დელეგირებაზე. დელეგირება არის ერთი პირის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ან უფლებამოსილების სხვა პირისთვის (პირებისთვის) გადაცემა კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად. დელეგირება სამეწარმეო წარმატების მთავარი ფაქტორია როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ დონეზე. ამ საკითხში ეფექტურობის მისაღწევად მიჰყევით შემდეგ 7 წესს:
1. აიძულეთ საკუთარი თავი მოახდინოთ დელეგირება
მეწარმეთა უმეტესობა ბიზნესს საკუთრებად აღიქვამს. მათ უნდათ გააკეთონ ყველაფერი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. ზოგადი პერსპექტივით ეს შესანიშნავი თვისებაა, რომელსაც უკეთესი სტარტაპ საქმიანობისკენ მიჰყავს კომპანია. თუმცა, თანდათან გაჩნდება სამუშაოს ნაწილის დელეგირების საჭიროება – მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება არ გსურთ.
2. იყავით პროაქტიური – შექმენით და აკონტროლეთ სიტუაცია
სანამ აუარებელი სამუშაო წაგლეკავდეთ, მცირე ამოცანათა დელეგირებამ შეიძლება სტრესისგან გიხსნათ. იმისათვის რომ არ დააგვიანოთ, საჭიროა დროულად შენიშნოთ გასაკეთებელი საქმეების სიის ზრდა და მიიღოთ შესაბამისი ზომები – დაიქირავოთ ახალი თანამშრომელი, მოახდინოთ შესასრულებელი ამოცანის ორგანიზება ცხრილების მეშვეობით ან დაეხმაროთ სხვას ახალი უნარების განვითარებაში.
3. გაიგეთ თქვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები
ამოცანათა გადანაწილება სამუშაო გუნდის წევრებზე მხოლოდ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლის შემდეგ უნდა მოახდინოთ. თითოეულ ადამიანს მუშაობის ინდივიდუალური სტილი აქვს – შეიძლება ერთი ნელი და მეთოდური იყოს, მეორე კი დაუდევარი და სწრაფი. პირველთან შეგიძლიათ მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასწრაფო საქმის დელეგირება, ხოლო მეორესთვის სასწრაფოდ გასაკეთებელი სამუშაოს გადაცემა.
4. გააკეთეთ დროის ინვესტიცია სწავლების პროცესში
დელეგირებისას უთხარით საკუთარ თავს: ”მე ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ, რომ მე ერთადერთი ვარ, ვინც იცის ამის კეთება“. თქვენს ამოცანათა სიაში არის ისეთი პუნქტები, რომელთა შესრულების გზები მხოლოდ თქვენთვისაა ცნობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას არ შეუძლია ამის სწავლა. შეიძლება სწავლებამ გაცილებით მეტი დრო წაიღოს, ვიდრე საქმის გაკეთებამ, მაგრამ ეს ერთჯერადი ინვესტიციაა, რომელსაც მრავალჯერადი შედეგი მოაქვს.
5. განსაზღვრეთ მოლოდინები
დელეგირებისას ეცადეთ ნათლად და მკაფიოდ განსაზღვროთ საკუთარი მოლოდინები. აუხსენით თქვენი გუნდის წევრებს, თუ როგორ წარმოგიდგენიათ სამუშაოს შესრულების პროცესი და როდის ელით მის დასრულებას. თუ პროექტზე ბევრი თანამშრომელი მუშაობს, დანერგეთ მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობების სისტემა, ხოლო პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად არ დატოვოთ არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი.
6. ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ
თქვენ ენდობით თანამშრომლებს და გჯერათ, რომ ისინი საუკეთესოდ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას – სხვა შემთხვევაში არც დაიქირავებდით. მიუხედავად ამისა, ამოცანისა და მისი შესრულების ვადის განსაზღვრის შემდეგ, დროდადრო პროცესის მსვლელობის შემოწმებაც არ იქნება ურიგო. დანერგეთ ღია კომუნიკაციის სისტემა, რათა თქვენ და თქვენი ჯგუფის წევრებმა პერიოდულად გაცვალოთ ინფორმაცია სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ.
7. გაეცით და მიიღეთ უკურეაქცია
როცა დელეგირებული ამოცანა შესრულდება, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი – რას ფიქრობთ, სათანადოდაა იგი შესრულებული თუ არა და რა ასპექტები საჭიროებს გამოსწორებას. შემდეგ ჰკითხეთ ჯგუფის წევრებს, რას ფიქრობენ თქვენს ნათქვამსა და ინსტრუქციებთან დაკავშირებით. სწორი კომუნიკაციით ბევრს ისწავლით დელეგირების შესახებ და მიღებული გამოცდილება აუცილებლად დაგეხმარებათ მომავალში.
ეფექტური დელეგირების სწავლა აუცილებელია ყველა მეწარმისთვის. სხვა შემთხვევაში, თქვენი ამოცანები არ იქნება სათანადოდ შესრულებული, თავად კი სტრესის და მუდმივი დაღლილობის მსხვერპლი გახდებით.
***
სტატიის წყაროა entrepreneur.com
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”