თბილისის თაფლის ფესტივალზე, რომელიც 24-25 ივნისს საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით მთაწმინდის პარკში გაიმართა, ორმოცამდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საუკეთესო თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები წარადგინეს საკუთარ საგამოფენო დახლებზე. ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ და დაეგემოვნებინათ 100-ზე მეტი სახეობის თაფლის და ფუტკრის პროდუქცია, მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, საქართველოში წარმოებული კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული სკები და თაფლოვანი მცენარეების ნერგები.
თბილისის თაფლის ფესტივალი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ გახსნეს. მათ ყველა საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს და დეტალურად გაეცნენ ფესტივალის მონაწილე კომპანიებს.
ფესტივალის მეორე დღეს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თბილისის თაფლის ფესტივალის ნომინანტები გახდნენ:
- 2023 წლის საუკეთესო ქართული თაფლი – ნინოწმინდის თაფლი „ალპიდა“ , კოოპერატივი კოდი
- ყველაზე ორიგინალური ბრენდინგი – თაფლი „ირინოლა“
- საუკეთესო ცვილის ფიგურები – ლალი სუხიტაშვილი, კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია
- საუკეთესო ბრენდინგი: ოქრო – „სამეფო თაფლი“, ვერცხლი – „რუხი დედოფალი“, ბრინჯაო – „თაფლიკაცი“
- საუკეთესო საგამოფენო სივრცე: ოქრო – მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი, ვერცხლი – კოოპერატივი „ოცნება“, ბრინჯაო – „თაფლიკაცი“
„თბილისის თაფლის ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ეს ჩვენი პირველი წარმატებული პროექტია და სურვილი გვაქვს, რომ ის ტრადიციულ ზეიმად იქცეს ჩვენი დედაქალაქისთვის,“ – აცხადებენ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში, რომელიც ამ ეტაპზე ცხრა მეფუტკრეთა ასოციაციას, 22 კომპანიას და ექვსი ათასამდე მეფუტკრეს აერთიანებს, მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 ფასილიტაციით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.