ლიდერულმა უნარებმა შეიძლება დიდი როლი ითამაშონ კარიერულ წინსვლაში. თუ წარმატებას მიაღწევთ ლიდერული როლის მორგებაში, სამსახურის შოვნის ან დაწინაურების შანსებიც გაგეზრდებათ.
იშვიათი ადამიანი იბადება ლიდერი. უმეტესობა ჩვენგანს კარგ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის პრაქტიკა სჭირდება. ლიდერობის ბევრი განსხვავებული ტიპი არსებობს, ხოლო ის მთავარი უნარ-ჩვევები, რაც მათი მიღწევისთვისაა საჭირო, შემდეგია:
ინიციატივის გამოჩენა
უფროსების უმეტესობა ისეთ თანამშრომელს ანდობს კონკრეტულ ამოცანას, რომელსაც აქვს ამ საქმის კეთების მეტნაკლები გამოცდილება. ამიტომ, ეცადეთ განივითაროთ თქვენი უნარები შესასრულებელი სამუშაოს გარდა დამატებითი პროექტების აღებით. რაც უფრო მეტს “მოძრაობთ”, მეტ რამეს სწავლობთ, ხოლო მეტის სწავლა და გაზრდილი პასუხისმგებლობა თქვენი ლიდერული პოზიციის გარანტორია.
კრიტიკული აზროვნება
მაღალპროფილური სამსახურის საშოვნელად თქვენ უნდა იყოთ კრიტიკულად მოაზროვნე. კარგ ლიდერებს შეუძლიათ წინასწარ დაინახონ პოტენციური პრობლემები და დასახონ გზები მათი თავიდან ასარილებლად, თუმცა, პრობლემებთან ერთად შესაძლებლობებსაც ხედავენ და იყენებენ მათ კომპანიისა და თანამშრომლებსთვის სარგებლის მოსატანად.
ეფექტურად მოსმენა
ლიდერისთვის მოსმენის უნარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მის გარეშე სხვებისგან შედეგს ვერ მიიღებთ და ვერც იმას მიხვდებით, თუ რა მოსაზრებები აქვთ გუნდის წევრებს კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. ეფექტური სმენისთვის დაგჭირებათ მხედველობითი კონტაქტის დამყარება, კონცენტრაცია და რელევანტური პასუხი. დაიმახსოვრეთ, რომ იმის გასაგებად, თუ რეალურად რას ამბობს მოსაუბრე, ვერბალური კომუნიკაციის გარდა არსებობს სხეულის ენა და ჟესტები.
სხვების მოტივირება
ჯონ ქვინსი ადამსის გამოთქმაა: “თუ თქვენი ქმედებები შთააგონებს სხვებს იოცნებონ მეტი, ისწავლონ მეტი, გააკეთონ მეტი და გახდნენ უფრო მეტნი, ვიდრე არიან, თქვენ ლიდერი ხართ”.
ნამდვილმა ლიდერმა დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს ადამიანებზე. ის ენერგიას მატებს და მოტივირებას უკეთებს საკუთარ თანამშრომლებს, როცა ისინი კარგავენ ამბიციებსა და ინტერესს. როგორ ახერხებს ამას? პირველ რიგში, მან იცის, თუ რა სჭირდება ან უნდა თანამშრომელს. მაგალითად, ხშირად მომუშავე კარგავს მოტივაციას, რადგან ფიქრობს, რომ მისი მძიმე შრომა არ ფასდება, უწევს სირთულეებთან განმკლავება ან აკეთებს რუტინულ სამუშაოს. როგორც ლიდერმა, თქვენ უნდა ესაუბროთ კოლეგას, ჰკითხოთ რა აწუხებს და გასამხნევებლად გაუზიაროთ პირადი ისტორიები.
დისციპლინა
მიზნის მისაღწევად აუცილებელია დისციპლინა. ხედვა და იდეები არაფრის მაქნისია დისციპლინის გარეშე.
ვთქვათ, თქვენ და თქვენს გუნდს გინდათ ბიზნეს გეგმის შექმნა ინვესტორების მოსაზიდად, გაქვთ უამრავი იდეა , მაგრამ გუნდში არ არსებობს დისციპლინა. როცა მოვა თქვენი შეთავაზების პრეზენტაციის დრო, თქვენ იმასაც ვერ შეძლებთ რომ ნორმალურად წარმოაჩინოთ თქვენი თავი ინვესტორთან. თქვენ ხომ პრეზენტაციის რეპეტიციაც არ გაგიკეთებიათ.
როგორც ლიდერი, პირველ რიგში თავად უნდა იყოთ დისციპლინირებული და შემდეგ გუნდშიც მოახერხოთ მისი დანერგვა.
მუდმივი სწავლა
“ლიდერობა და სწავლა ერთმანეთისგან განუყოფელია” ჯონ ფ. კენედი. როცა ყველაფერი სწრაფად იცვლება, დიდ მნიშვნელობას იძენს ცვლილებებთან ერთად მუდმივად შესწავლის და ადაპტირების უნარი, ასევე საკუთარი თავისთვის გამოწვევების გაკეთება.
დელეგირება
თეოდორ რუზველტის თანახმად, “საუკეთესო აღმასრულებელი ისაა, ვინც იცის როგორ შეარჩიოს კარგი ადამიანები იმის გასაკეთებლად, რაც მას სურს, რომ გაკეთდეს და შეუძლია თავი შეიკავოს მათ საქმეებში ცხვირის ჩაყოფისგან, სანამ ისინი დაკავებულნი არიან თავიანთი საქმის კეთებით.”
წარმატებული ლიდერი თავს იკავებს მიკრომენეჯმენტისგან. ამიტომ, გადაეცით საქმე თანამშრომლებს და მიეცით ნება იგრძნონ თავი კიდევ უფრო თავდაჯერებულად. თუ ასე მოიქცევით, ისინი უფრო მეტად ჩაერთვებიან პროცესში და განივითარებენ ახალ უნარებს. დელეგირება დაგეხმარებათ იმ მიზნებზე კონცენტრირებაში, რომელიც საკუთარი თავისთვის დაგისახავთ. თუ პროექტის ლიდერი ხართ, საბოლოო ჯამში მაინც თქვენ გამოდიხართ საქმეზე პასუხისმგებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია პროექტის ყურადღებით გადახედვა დელეგირებამდე.
კონფლიქტებთან განმკლავება
ლიდერებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ გაუმკლავდნენ “რთულ” ადამიანებს და გადაჭრან კონფლიქტები. თუ თანამშრომელი საქმეს კარგად ვერ აკეთებს და ამკვიდრებს უარყოფითი დამოკიდებულებას სამუშაოს მიმართ, ლიდერმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და გაესაუბროს მას პირადად. იგი უნდა იყოს გულწრფელი და პირდაპირი. ეს, რა თქმა უნდა, დიდ გამბედაობას მოითხოვს. არც ისე ადვილია პრობლემაზე მითითება ან ვინმეს სამსახურიდან გაშვება, ამიტომ ყოველთვის მოუსმინეთ თანამშრომლებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სხვებისგან სწავლა
ლიდერებს სჭირდებათ საკუთარი გუნდის წევრების დაფასება, მათგან სწავლა და სხვა წევრების მოტივრება ისწავლონ ერთმანეთისგან. ისწავლეთ ის, რაც არ იცით მათგან, ვინც ამ საქმეში სპეციალიზებულია.
***
სტატიის წყაროა investopedia.com
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”