სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

რძის პროდუქტების საწარმო: სანედლეულო ბაზა და მომწოდებლების შერჩევა

ნედლეულის მომწოდებლები გაწვდიან თქვენი პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელ რესურსებს. მათი პრობლემები შეიძლება აისახოს თქვენს საქმიანობაზეც. თქვენი ბიზნესის რისკების გასაანალიზებლად, წარმოების სტაბილურობისთვის, კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნედლეულის მომწოდებლების შესწავლა. სწორად დასმული კითხვები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

მომწოდებლების რაოდენობა

პირველ რიგში, გააანალიზეთ თქვენი მოთხოვნები – რამდენი ლიტრი რძე გჭირდებათ ყოველდღე/ყოველთვე/ყოველწლიურად? შემდეგ გააანალიზეთ აქვთ თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ მომწოდებლებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობები. უშუალოდ ფერმერებისგან იყიდით რძეს თუ რძის შემგროვებელი და რეალიზატორი შუამავლებისგან? რამდენი ფერმერისგან იყიდით რძეს? ერთ მომწოდებელზე, მაგალითად, რძის მწარმოებელ მსხვილ კოოპერატივზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმოება თუ რძეს ასეულობით წვრილი და საშუალო ფერმერისგან შეიძენთ? თუ ერთ მომწოდებელზე იქნებით დამოკიდებული, რამდენია იმის რისკი, რომ მისი პრობლემა (მაგალითად, საქონლის დაავადება) თქვენს წარმოებაზე აისახება? რამდენადაა შესაძლებელი თქვენმა კონკურენტმა საწარმომ წაგართვათ მომწოდებელი? რამდენად სწრაფად შეძლებთ ახალი მომწოდებლების მოძებნას?

 

ნედლეულის ხარისხი

როგორია თქვენი მომწოდებლების რძის ხარისხი? თქვენ როგორ გააკონტროლებთ მას? რომელი პოტენციური მომწოდებლები აკონტროლებენ მაღალ დონეზე რძის წარმოების ხარისხს? არის თუ არა რძის ხარისხი (ცხიმიანობა, ამოსავლიანობა…) დამოკიდებული იმ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია თქვენი პოტენციური მომწოდებლების ფერმები? შეგიძლიათ თუ არა დაეხმაროთ თქვენს მომწოდებლებს ნედლეულის ხარისხის ამაღლებაში (მაგალითად, ახალი ჭურჭლის გადაცემით, ვეტერინარული კონსულტაციებით, საქონლის ჯიშის გაუმჯობესებისთვის ხელოვნული განაყოფიერების ღირებულების ან მისი ნაწილის დაფინანსებით)? რა მანძილზე მოუწევს რძის შემგროვებელ გუნდს გადაადგილება და რა დროის განმავლობაში? ეს დრო უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს რძის ხარისხზე (რძის მიღებიდან საწარმოში მიტანამდე)?

მოწოდების სტაბილურობა

საწარმოთა უმეტესობა ნედლეულს ყოველდღიურად შეისყიდის. რამდენად სტაბილური იქნება მოწოდება თქვენ მიერ შერჩეული პარტნიორებისგან? რა გავლენას მოახდენს მომწოდებელი ფერმების ადგილმდებარეობა მოწოდების სტაბილურობაზე ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე?

ფასები

რა ღირს რძე თქვენს სამოქმედო ტერიტორიებზე? როგორ იცვლება ფასები სეზონების მიხედვით? თუ რძეს შუამავლებისგან ჩაიბარებთ, ეს რამდენიმე თეთრით გაგიზრდით მის ფასს. თუ რძეს თქვენი რძის შემგროვებელი გუნდის საშუალებით შეაგროვებთ, გაანალიზეთ რამდენი კილომეტრის გავლა მოუწევს ამ ჯგუფს ყოველდღიურად, როგორი იქნება ხელფასები და დროის და საწვავის ხარჯი.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება