შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

რჩევები ნეგატიურობის თავიდან ასაცილებლად

ქრონიკულად ნეგატიური ხალხი ცუდი გავლენის მატარებელია სხვა ადამიანებზე. მათ შეუძლიათ შეანელონ პიროვნების იმპულსები და ხელი შეუშალონ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. წამყვანი მეწარმეები შემდეგ რჩევებს უზიარებენ დაინტერესებულ პირებს ნეგატიური ხალხის იდენტიფიცირებისა და გზიდან ჩამოშორებისთვის.

  • აღრიცხეთ 5 დაახლოებული ადამიანი თქვენს წრეში – ნეგატიური, წარუმატებელი ადამიანის ენერგია შემზღუდველია. გაიხსენეთ, როგორ გრძნობთ თავს ამ 5 ადამიანიდან თითოეულთან გატარებული დროის შემდეგ და გააკეთეთ ამის შესახებ ჩანაწერები. ამის შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ სხვა ადამიანების გაცნობის საჭიროება, რომლებიც უფრო გულანთებულნი და მოტივირებულნი არიან. შეიძლება პარტნიორთან დაშორებაც გახდეს საჭირო, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მიუხედავად ვინმესთან განშორების სიმძიმისა, სინანულზე საშიში მაინც არაფერია. არ დაუშვათ თქვენმა ლოიალურობამ ბედნიერების მიღწევაში ხელი შეგიშალოთ.
  • დაადგინეთ, თუ რატომ ხართ მიდრეკილი ნეგატიურობისკენ – ვინც ჩვენ გვხიბლავს, ხშირად მასში საკუთარ თავსა თუ სურვილებს ვხედავთ. როცა წააწყდებით ნეგატიურ ხალხს, ეცადეთ მიხვდეთ, თუ რატომ მოიხიბლეთ მისით.
  • დაფიქრდით გადაწყვეტილების მიღებამდე – ადვილია „იარლიყის მიკვრა“ ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არ იზიარებენ თქვენს ხედვას, ქცევასა თუ დამოკიდებულებებს. სანამ ჩამოიშორებდეთ ერთი შეხედვით ნეგატიურ ხალხს, დაფიქრდით რატომ იწვევს თქვენში მათი ქცევა უკმაყოფილებას. დაიმახსოვრეთ: ქონის მოშორებით კუნთს ვერ შექმნით, სიღარიბის აღმოფხვრა არ გაგამდიდრებთ, სიძულვილის დამარცხება სიყვარულს არ წარმოშობს, ხოლო შიშის დამარცხება – გამბედაობას.
  • აუხსენით მისია – თუ ნეგატიურ ხალხთან ერთად გიწევთ მუშაობა, დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი და შეგიძლიათ ნეგატიური ხალხი პოზიტიურად აქციოთ მისიის კარგად განმარტებით, საკუთარი სააზროვნო პროცესისა და გამბედაობის მათთვის გაზიარებით. როდესაც ხალხს ესმის ამოცანის მიზანი ან საქმიანობის არსი და ისიც იცის, რომ მიზანი მიღწევადია, ის უფრო მეტად მოტივირებულია დაიხარჯოს ამ საქმის შესასრულებლად.
  • დაასაქმეთ საკუთარი თავი – თუ გარშემომყოფი ადამიანებისგან ნეგატიურ ენერგიას გრძნობთ,  ფოკუსირება მოახდინეთ საკუთარ მიზნებზე და ისინი ავტომატურად გაუჩინარდებიან. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც პირად, ისე სამსახურეობრივ ურთიერთობებს. როცა ზედმეტად დაკავებული გახდებით ნეგატიური ხალხისთვის, ხოლო პოზიტიურ და მოტივირებულ ადამიანებთან დაიწყებთ ამ დროის დახარჯვას, პროგრესი ადვილად შესამჩნევი იქნება.
  • დაადგინეთ წესები – საზოგადოება ზედმეტად ტოლერანტულია ნეგატიური ხალხის მიმართ, პროფესიულად თუ სოციალურად. დაიმახსოვრეთ შემდეგი წესები: თავი აარიდეთ ცინიკურ და კრიტიკულ ადამიანებს; არ დაკარგოთ დრო მათ გამოსასწორებლად; იმ ხალხთან გაატარეთ დრო, რომლებსაც უყვარხართ და მხარში გიდგანან; იყავით შერჩევითი იმ ადამიანთან მიმართებით, რომლიც თქვენს სივრცეში შემოშვებასაც აპირებთ; ისწავლეთ ადამიანებთან კავშირის გაწყვეტა სწრაფად და გაუგებრობის გარეშე; დაიმახსოვრეთ ჯიმ რონის (ამერიკელი მეწარმე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე) ფრაზა „ თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ 5 ადამიანისა, რომელთან ერთადაც ატარებთ დროის უმეტეს ნაწილს“.
  • შეინახეთ საკუთარი დრო და ენერგია – ნეგატიურ ხალხს ძირითადად მყარი შეხედულებები აქვთ და ცვლილება მათთვის დისკომფორტს წარმოადგენს. მათი შეცვლის მცდელობა ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. ამასთან, თქვენმა მცდელობებმა შეიძლება აფიქრებინოთ, რომ თქვენ განსჯით მათ.
  • ნეგატიურობითაც ისწავლეთ გაძლიერება – ნეგატიური ხალხი ყოველთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი (განსაკუთრებით სამუშაო გარემოში) შეიძლება მოტივატორებიც კი აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ გააკეთოთ საქმე განსხვავებულად და მაქსიმალური ძალისხმევით. ვინმეს დაეჭვებამ თქვენს შესაძლებლობებში შეიძლება ბიძგი მოგცეთ რაღაცა ახლისკენ, მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს არის: „ეს ადამიანი მაძლიერებს თუ მასუსტებს?“. მეორე შემთხვევაში ჯობია ნელ-ნელა ჩამოშორდეთ და არასოდეს სცადოთ მისი შეცვლა, რადგან ეს მხოლოდ შუღლის და წინააღმდეგობის გაღვივებას შეუწყობს ხელს.
  • ისწავლეთ საკუთარი ნეგატიურობის მართვა – თქვენ არ შეგიძლიათ ყოველთვის გაექცეთ ნეგატიურ ადამიანიებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ თქვენს ცხოვრებაში (მაგ: ოჯახის წევრები). ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ არის საკუთარი ფიქრების, ემოციების, დამოკიდებულებების კონტროლი ნეგატიური მესიჯების დაბლოკვის გზით. ეს საკმაოდ დიდ პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის.
  • გულწრფელობა ყოველთვის კარგი პოლიტიკაა – ნეგატიური გავლენები ყოველთვის თვალშისაცემი არ არის. ისინი შეიძლება მეგობრის ან ოჯახის წევრის სახით მოგვევლინონ და სცადონ თქვენი მხარდაჭერა თქვენთვის მიუღებელი ფორმით – მაგ: გასაკეთებელი საქმისგან დისტანცირებით. სცადეთ აუხსნათ მათ საკუთარი მიზნები და გატაცებები. თუ ისინი ტოლერანტულნი გახდებიან, მაშინ თქვენი მიზანი მიღწეულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები.

***

სტატიის წყაროა businessinsider.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება