შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ფასწარმოქმნა სხვადასხვა ტიპის ბაზარზე

ფასწარმოქმნის მხრივ გამყიდველის თავისუფლება სხვადასხვა ტიპის ბაზრებზე განსხვავებულია. ეკონომისტების თქმით, არსებობს 4 ტიპის ბაზარი, რომელთაგან თითოეული ქმნის სხვადასხვა ფასწარმოქმნის მექანიზმს.

წმინდა კონკურენცია

წმინდა კონკურენციის დროს, ბაზარი შედგება ბევრი მყიდველისა და გამყიდველისაგან, რომლებიც ყიდიან ერთგვაროვან პროდუქციას _ ხორბალს, სპილენძსა თუ ფასიან ქაღალდებს. არც ერთ მყიდველსა თუ გამყიდველს არა აქვს გავლენა არსებულ საბაზრო ფასზე. გამყიდველს არ შეუძლია გაზარდოს ფასი, რადგან მყიდველები სხვასთანაც შეძლებენ პროდუქტის შეძენას. წმინდა კონკურენტულ ბაზარზე მარკეტინგული კვლევა, პროდუქტის განვითარება, ფასწარმოქმნა, რეკლამა და გაყიდვის სტიმულირება უმნიშვნელო ან არანაირ როლს არ თამაშობს. ასე რომ, წმინდა კონკურენციის ბაზარზე გამყიდველები ბევრ დროს არ ხარჯავენ მარკეტინგულ სტრატეგიაზე.

მონოპოლისტური კონკურენცია

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე ბევრი მყიდველი და ბევრი გამყიდველია, რომლებიც ვაჭრობენ სხვადასხვა ფასით და არა ერთი დადგენილი საბაზრო ფასით. სხვადასხვა ფასის დაწესება შესაძლებელია იმის გამო, რომ გამყიდველებს შეუძლიათ განასხვავონ თავიანთი პროდუქტი ხარისხით, ნიშან-თვისებებით, სტილით ან მომსახურებებით. მყიდველები ხედავენ განსხვავებებს გამყიდველების პროდუქტებში და სხვადასხვა ფასსაც იხდიან მათში. გამყიდველები იყენებენ ბრენდირებას, რეკლამას და პერსონალურ გაყიდვას, რათა ცალკე ჩამოაყალიბონ თავიანთი შეთავაზებები. ასეთ ბაზრებში, ბევრი კონკურენტის ყოფნის გამო, თითოეულ კომპანიაზე ნაკლებ გავლენას ახდენს კონკურენტის ფასწარმოქმნის სტრატეგია, ვიდრე ოლიგოპოლიურ ბაზრებზე.

ოლიგოპოლიური კონკურენცია

ოლიგოპოლიური კონკურენციის შემთხვევაში ბაზარი შედგება სულ რამდენიმე გამყიდველისაგან, რომლებიც ძალზე მგრძნობიარენი არიან თითოეული მათგანის ფასებისა და მარკეტინგული სტრატეგიების მიმართ. პროდუქტი შესაძლოა იყოს ერთგვაროვანი (ფოლადი, ალუმინი და სხვა) ან არაერთგვაროვანი (მანქანები, კომპიუტერები). ბაზარზე არსებობს მხოლოდ რამდენიმე გამყიდველი, იმიტომ რომ ახალი გამყიდველისთვის ძნელია ბაზარში შესვლა. თითოეული გამყიდველი ფხიზლად ადევნებს თვალს კონკურენტის სტრატეგიასა და მოძრაობას. თუ ფოლადის მწარმოებელი კომპანია 10%-ით ამცირებს ფასს, მყიდველი დაუყოვნებლივ გადავა ამ მიმწოდებელზე. შესაბამისად სხვა ფოლადის მწარმოებლებმაც უნდა მიბაძონ მას – ანუ უნდა შეამცირონ ფასები ან გაზარდონ თავიანთი მომსახურება.

წმინდა მონოპოლია

წმინდა მონოპოლიური ბაზარი შედგება ერთი გამყიდველისაგან. შესაძლებელია იყოს სამთავრობო მონოპოლია, კერძო რეგულირებადი მონოპოლია (მაგალითად ენერგო-კომპანია) ან კერძო არარეგულირებადი მონოპოლია. თითოეულ შემთხვევაში ფასწარმოქმნა განსხვავებულია. რეგულირებადი მონოპოლიის დროს მთავრობა კომპანიას აძლევს ნებას დააწესოს ფასი, რომელიც მოიტანს მაღალ მოგებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს კომპანიის მიერ საჭირო ოპერაციების შენარჩუნებასა და გაფართოებას. არარეგულირებადი მონოპოლიები თავისუფალნი არიან ფასების განსაზღვრაში ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად სრულ ფასს მაინც არ აწესებენ, რაც განპირობებულია რამდენიმე მიზეზით: სურვილი, რომ არ მოიზიდოს კონკურენტები; სურვილი, რომ შეაღწიოს ბაზარზე დაბალი ფასების მეშვეობით უფრო სწრაფად;  მთავრობის მხრიდან რეგულირების შიში.

***

სტატია შექმნილია გარი არმსტრონგის და ფილიპ კოტლერის წიგნიდან ”მარკეტინგის საფუძვლების” (მე-7 გამოცემა, ISBN 0-13-142410-6) მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება