სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

ფასის ლარში გამოხატვა: რეგულაციები

2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროდუქციის რეკლამირებისას და/ან შეთავაზებისას, ფასის გამოხატვა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში. ქვემოთ მოცემულია ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები, რომლებიც ამოღებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან.

ვის ეხება აღნიშნული კანონის ჩანაწერი?
“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი).
შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულებაში ფასის უცხოურ ვალუტაში მითითება?

ხელშეკრულებაში ფასის მითითება შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში.

ზეპირსიტყვიერად ფასის გამჟღავნება ითვლება თუ არა შეთავაზების ფორმად?

მიწოდება ითვლება შეთავაზების ფორმად შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ფასი გამჟღავნებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.

ინვოისი შეიძლება თუ არა ჩაითვალოს შეთავაზებად?

იმ შემთხვევაში თუ ინვოისის მიწოდება ხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე, მაშინ აღნიშნული განიხილება შეთავაზებად და ფასი მითითებული უნდა იყოს ეროვნული ვალუტით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ინვოისის მიწოდების შემთხვევაში კი შესაძლებელია ფასი მიეთითოს უცხოურ ვალუტაში.

იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ ხდება შეთავაზების გაკეთება, აუცილებელია თუ არა ლარში ფასის გამჟღავნება?

იმ შემთხვევაში თუ ფასის გამჟღავნება ხდება არარეზიდენტი პირის მიერ და/ან არარეზიდენტი პირისთის შესაძლებელია ფასის უცხოური ვალუტით გამჟღავნება.

ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების და სასტუმროების მიერ რა ვალუტაში უნდა გაკეთდეს შეთავაზება?

თუ ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების და სასტუმროს მომსახურების შეთავაზება/რეკლამირება ხდება უცხოურ ენაზე, დასაშვებია უცხოური ვალუტით ფასის გამჟღავნება.

ვის მიერ ხდება აღნიშნული მუხლის დარღვევების ადმინისტრირება და დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები იქნება გამოყენებული?

სანქციები გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 მუხლში. ამასთან, აღნიშნული კანონის ადმინისტრირებას ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

ეხება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა 2017 წლის 1 ივლისამდე განთავსებულ რეკლამას, როგორც სხვადასხვა ვებგვერდზე, ასევე ბანერებზე და სხვა?

აღნიშნული ვალდებულება ეხება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის პირველი ივლისიდან ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებას ან/და რეკლამირებას. შესაბამისად, ამ თარიღამდე განთავსებულ რეკლამას/შეთავაზებას მოცემული ჩანაწერი არ ეხება, გარდა იმ შემთხვევისა თუ იცვლება ხელშეკრულების არსებითი პირობა.

თუ ზოგიერთი ვებგვერდი, სადაც რეგისტრაციის გარეშე იყო შესაძლებელი განცხადების განთავსება (მაგ: 1 თვის,  ან 1 წლის წინ), შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზეც ამ ვებგვერდებზე მოცემული განცხადება განთავსებულია და ფასი მითითებულია უცხოურ ვალუტაში, თუმცა შეუძლებელია მისი კორექტირება/წაშლა, ასევე, შეუძლებელია დაკავშირება  მსგავს ორგანიზიებთან როგორც უნდა მოიქცეს მეწარმე პირი?

ამ კანონის ძალაში შესვლამდე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისათვის განთავსებულ განცხადებებს, რომელთა განთავსებაც ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა, არ დაექვემდებარება აღნიშნულ შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევისა თუ ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლთან დაკავშირებით გამონაკლისები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე 2 406 406.

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული ინფორმაცია არის ინფორმაციული ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია. ეროვნული ბანკი არ იღებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა პირმა აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული პასუხების ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი მონაცემის, ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებით.

***

მასალა გადმოტანილია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება