ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

ეკონომიკური ტენდენციები: მშპ, ეკონომიკური ზრდა და ზრდის სტრუქტურა

მთლიანი შიდა პროდუქტი

რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2015 წელს საქართველოში 2.9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის რეალური ზრდა 2.8 პროცენტს შეადგენს, 2017 წლის I კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ზრდამ 5.3 პროცენტი შეადგინა, II კვარტალში 4.9 პროცენტი, ხოლო III კვარტალში 4.4 პროცენტი.

ეკონომიკური ზრდა

2016 წლის ბოლოს ეკონომიკური აქტივობა შემცირდა რეგიონში, რის გამოც ეკონომიკური ზრდის შეფასებები შემცირდა ყველა ქვეყნისათვის. როგორც აღინიშნა, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8 პროცენტით გაიზარდა და იგი ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში.

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური წლიური ზრდა 5.2 პროცენტს შეადგენდა, თებერვალში ზრდა იყო 4.4 პროცენტი, მარტში – 5.3 პროცენტი, აპრილში – 2.1 პროცენტი, მაისში – 5.3 პროცენტი, ივნისში – 4.6%, ივლისში – 3.8%, აგვისტოში – 4.3%, სექტემბერში – 5.0%, ხოლო ოქტომბერში – 5,7%. პირველი ათი თვის ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა.

2017 წლის მეორე კვარტლისთვის, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (ზრდა 16.4, წვლილი მთლიან ზრდაში 1.1%); ტრანსპორტი (ზრდა 7.0, წვლილი 0.5%); ვაჭრობა (ზრდა 3.7, წვლილი მთლიან ზრდაში 0.5%); ოპერაციები უძრავი ქონებით (ზრდა 7.2, წვლილი 0.4%); სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 12.9, წვლილი 0.4%). 2017 წლის ოქტომბერში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 9.7%, წვლილი 1.1 პ.პ), საფინანსო საქმიანობა (ზრდა 13.4%, წვლილი 0.4 პ.პ), სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 20.2%, წვლილი 0.4 პ.პ)

ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა

2016 წლის ეკონომიკურ ზრდაზე ძირითადი წვლილი (3.5%) ინვესტიციებმა შეიტანა. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად იმოქმედა მოხმარების ზრდამ, თუმცა მისმა წვლილმა 1.1% შეადგინა. წინა წელთან შედარებით, რეალური მოხმარება 2016 წელს მხოლოდ 1.2 პროცენტით გაიზარდა, რაც მაღალი დოლარიზაციის ფონზე დოლარის გამყარების შედაგად სესხის მომსახურების გართულებით იყო გამოწვეული. ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად (-0.9%) იმოქმედა წმინდა ექსპორტმა, რაც საგარეო მოთხოვნის შოკით აიხსნება.

ეკონომიკის გამოჯანსაღება შეინიშნება 2017 წლიდან. ჩაქრა შოკები პარტნიორ ქვეყნებში, რის შედაგადაც გაიზარდა როგორც ექსპორტი, ასევე ფულადი გზავნილები, დასტაბილურდა როგორც ნომინალური ეფექტური, ასევე ლარი-აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოლოდინები, რაც დადებითად აისახა ექსპორტზე, მოხმარებისა და მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე. ჯამში, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.3 პროცენტი შეადგინა, მეორე კვარტალში – 4.9 პროცენტი, ხოლო მესამე კვარტალში – 4.4 პროცენტი. 2017 წლის ზრდა ძირითადად საგარეო მოთხოვნით არის გამოწვეული.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება