შესაბამისობის შეფასება (სერტიფიკაცია) არის პროცესი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის დირექტივას/სტანდარტსა და მომსახურებას/პროდუქტს შორის შესაბამისობის დადგენას.
სურსათის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს შემდეგი სერტიფიკატები:
- ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტარა, რომელშიც შეფუთულია სურსათი, არის უვნებელი.
- ვეტერინარული სერტიფიკატი – ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სერტიფიკატი გაიცემა ცოცხალ ცხოველებზე და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. ვეტერინარული სერტიფიკატი ადასტურებს იმას, რომ ცოცხალი ცხოველი ან ცხოველური პროდუქტი არ შეიცავს ვეტერინარულ დაავადებებს; (მაგალითად, ვეტერინარული სერთიფიკატის ფორმა თაფლის ევროკავშირში იმპორტისთვის, ვეტერინარული სერთიფიკატის ფორმა თევზის ევროკავშირში იმპორტისთვის, ვეტერინარული სერთიფიკატის ფორმა ჟელატინის ევროკავშირში იმპორტისთვის)
- ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − დოკუმენტი გაიცემა მცენარეებზე ან/და მცენარეულ პროდუქტზე და ადასტურებს, რომ მცენარე ან/და მცენარეული პროდუქტი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების მოთხოვნებს. ფიტოსანიტარიული ზომა – პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნული სერტიფიკატები გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე.
დამატებით, საქართველოში არსებობს შემდეგი ტიპის სერტიფიკატები:
- დაკალიბრების სერტიფიკატი – გამზომი საშუალების ან წარმოებაში გამოყენებული გამზომი ხელსაწყოს მეტროლოგიური დაკალიბრების სერტიფიკატი. დაკალიბრების სერტიფიკატი ადასტურებს გამზომი ხელსაწყოს მუშაობას დაშვებული ცდომილების ფარგლებში. დაკალიბრების სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტი ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;
- წარმოშობის სერთიფიკატი – იმისათვის, რომ საქონელმა ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, მან უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები, რომელიც განისაზღვრება შეთანხმების შესაბამისი პროტოკოლით. ეს კრიტერიუმები მოიცავს როგორც საქონლის დამუშავების აუცილებელ მინიმალურ პირობებს, ისე საქონლის წარმოებისათვის აუცილებელი მასალის ზღვრულ რაოდენობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის სტატუსის მოსაპოვებლად. ევროკავშირის ბაზრისათვის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტია EUR1, რომელსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური. წარმოშობის წესებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
***
სტატიის წყაროა dcfta.gov.ge
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”