ადამიანის განვითარების ინდექსი შეიქმნა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქვეყნის განვითარების შეფასების საბოლოო კრიტერიუმი არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ თავად ხალხი და მათი შესაძლებლობებია. HDI კრიტიკულად აფასებს ეროვნული პოლიტიკის გადაწყვეტილებებს ისეთი ორი ქვეყნის შედარებით, რომელთაც ერთნაირი მთლიანი ეროვნული პროდუქტი (ერთ სულ მოსახლეზე), მაგრამ განსხვავებული ადამიანის განვითარების მაჩვენებლები აქვთ. ეს განსხვავებები წარმოშობს დებატებს სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს ადამიანის განვითარებისთვის საჭირო მთავარი პარამეტრების შესრულების შემაჯამებელ საზომს. ესენია: ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება, განათლება და ნორმალური ცხოვრების დონე. HDI არის ამ სამი პარამეტრის ნორმალიზენული მაჩვენებლების გეომეტრიული საშუალო.
ჯანმრთელობის პარამეტრი ფასდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, განათლების – 25 ან მეტი წლის ადამიანის მიერ განათლების მიღებისთვის დათმობილი წლების რაოდენობის საშუალო სიდიდით (ბავშვების შემთხვევაში – განათლების მიღებისთვის დასათმობი მოსალოდნელი წლების რაოდენობის საშუალო სიდიდით), ხოლო ცხოვრების დონის პარამეტრი – ერთ სულ მოსახლეზე ერთობლივი ეროვნული პროდუქტით.
თითოეული ქვეყნის ადამიანის განვითარების მაჩვენებლების სრული სურათი დასანახად საჭიროა სხვა ინდიკატორების და ინფორმაციის ანალიზიც. 2016 წლის HDI-ანალიზს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 2016 წლის მონაცემებით საქართველო ადამიანის განვითარების მაჩვენებლით მსოფლიოში 70-ე პოზიციას იკავებს.
***
სტატიის წყაროა hdr.undp.org
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”