ორშაბათი , დეკემბერი 30 2024
geen

ფასწარმოქმნა: ძირითადი მიდგომები

პროდუქტის ხარჯები ქმნის ფასის ქვედა ზღვარს (ე.წ. ,,ფასის იატაკს’’), ხოლო მომხმარებლის მიერ პროდუქტის ფასეულობის აღქმა ქმნის ფასის ზედა ზღვარს (ე.წ. ,,ფასის ჭერს’’). კომპანიამ თავისი პროდუქციისთვის, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, ზემოხსენებულ ორ ზღვარს შორის უნდა შეარჩიოს საუკეთესო ფასი. კომპანიები აწესებენ ფასებს ფასწარმოქმნის ზოგადი მიდგომების მიხედვით. ესენია:

ხარჯზე დაფუძნებული ფასწარმოქმნა

ხარჯზე დაფუძნებული ფასწარმოქმნა ყველაზე მარტივი ფასწარმოქმნის მეთოდია. იგი იანგარიშება, როგორც „თვითღირებულებას პლუს ფასნამატი“. მაგალითად: ელექტრომოწყობილობათა საცალო მოვაჭრე უხდის მწარმოებელს თითოეულ ტოსტერში $ 20-ს. ამას ამატებს 50 % ფასნამატს და ყიდის ტოსტერს $ 30-ად, შესაბამისად საცალო მოვაჭრის მოგების მარჟა წარმოადგენს $ 10-ს. ნებისმიერი ფასწარმოქმნის მეთოდი, რომელიც უგულებელყოფს ბაზარზე მოთხოვნას და კონკურენტების ფასებს, საუკეთესო ფასს ვერ დაადებს თავის პროდუქტს. მიუხედავად ამისა ფასწარმოქმნის აღნიშნული მეთოდი ბევრი მიზეზის გამო პოპულარულია. პირველ რიგში, გამყიდველები უფრო ერკვევიან თვითღირებულებაში, ვიდრე მოთხოვნაში. ფასისა და თვითღირებულების ერთმანეთთან დაკავშირებით, გამყიდველები ამარტივებენ ფასწარმოქმნას – მათ არ უწევთ ხშირი რეგულირება მოთხოვნის ცვლილებისას. ამასთანავე ბევრი გრძნობს, რომ თვითღირებულებას პლუს ფასნამატი უფრო სამართლიანია, როგორც მყიდველების, ასევე გამყიდველებისთვის.

ფასეულობითი ფასწარმოქმნა

ბოლო დროს მარკეტოლოგებმა აღმოაჩინეს ფუნდამენტური ცვლილება მომხმარებლის დამოკიდებულებაში ფასისა და ხარისხის მიმართ. ცვალებადი ეკონომიკური პირობებისთვის ფეხის ასაწყობად მარკეტოლოგებმა გაითავისეს ფასეულობითი ფასწარმოქმნის სტრატეგიები, ანუ ისინი სთავაზობენ ხარისხისა და ფასის სამართლიან კომბინაციას. ამით იყო გამოწვეული უკვე აღიარებული ბრენდის მქონე კომპანიების მიერ ნაკლებად ძვირი ვერსიების გამოშვება. მაგალითად, „Holiday Inn”-მა გახსნა შედარებით დაბალფასიანი „Holiday Express”-ის სასტუმროების ქსელი. კიდევ ერთი ზეგავლენა, რასაც ასეთი ფასწარმოქმნის მიმდევარი კომპანიები აკეთებენ არის არსებული ბრენდებისთვის დიზაინის შეცვლა. ეს ემსახურება მოცემულ ფასში უფრო მაღალი ხარისხის ან იგივე ხარისხის პროდუქტის დაბალ ფასად შეთავაზებას.

კონკურენციაზე დაფუძნებული ფასწარმოქმნა

კონკურენციაზე დაფუძნებული ფასწარმოქმნისას კომპანია თავის ფასს აწესებს ძირითადად კონკურენტთა ფასების მიხედვით და ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ ხარჯებს, ან პროდუქციაზე მოთხოვნას. კომპანიამ შეიძლება დააწესოს თავის კონკურენტებთან შედარებით იგივე, უფრო მაღალი ან უფრო დაბალი ფასები. ოლიგარქიულ ინდუსტრიებში კომპანიები ჩვეულებრივ აწესებენ მსგავს ფასებს. შედარებით პატარა კომპანიები მისდევენ ლიდერს და ცვლიან თავიანთ ფასებს, როდესაც იცვლება ბაზრის ლიდერის ფასი – და არა მაშინ, როდესაც მათი საკუთარი მოთხოვნა ან ხარჯები იცვლება. ზოგიერთმა კომპანიამ შესაძლოა დააწესოს ცოტათი მეტი ან ნაკლები ფასი. მაგალითად, ბენზინის მცირე გასამართი სადგურები ჩვეულებრივ აწესებენ რამდენიმე თეთრით ნაკლებ ფასს, ვიდრე ბენზინის გასამართი სადგურების მსხვილი ქსელები. თანაც ეს განსხვავება არ განიცდის რაიმე მნიშვნელოვან რყევას. მიმდინარე განაკვეთის ფასწარმოქმნა საკმაოდ პოპულარულია. როდესაც მოთხოვნის ელასტიურობა ძნელად გასაზომია, ფირმები გრძნობენ, რომ ამგვარი დონის ფასი წარმოადგენს ინდუსტრიის კოლექტიურ აზრს, რომელიც ხელს შეუშლის საფასო კონკურენციის გამძაფრებას.

***

სტატია შექმნილია გარი არმსტრონგის და ფილიპ კოტლერის წიგნიდან ”მარკეტინგის საფუძვლების” (მე-7 გამოცემა, ISBN 0-13-142410-6) მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება