კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

შენობა-ნაგებობების და შიგთავსის დაზღვევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები

განსაზღვრეთ დასაზღვევი ობიექტები და გამონაკლისები

ეზღვევა შენობა-მაგებობები, შიდა მოპირკეთება, ავეჯი, ელექტროტექნიკა და სხვა შიგთავსი. ყურადღება მიაქციეთ გამონაკლისებს: დაზღვევა შეიძლება არ ფარავდეს ისეთი ქონების რისკებს, როგორებიცაა ნაგებობების გარეთა მხარეს დამონტაჟებული საგნები (ანძები, ანტენები, მავთულები), გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები, ცხოველები და ფრინველები, მცენარეები, ფეთქებადი ნივთები, იარაღი, საბრძოლო მასალები, კომპიუტერსა და სხვა სახის ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ბლოკი, მაგნიტური ლენტა, საინფორმაციო ბლოკი და ა.შ.), ხელნაწერები, ფოტოსურათები, დოკუმენტაცია, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნაკეთობები და სხვ.

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი რისკები

შენობებისა და შიგთავსის დაზღვევით ძირითადად იფარება შემდეგი რისკები: 

  • ქურდობა, ძარცვა, გატაცება, ყაჩაღობა
  • ხანძარი, აფეთქება, მეხისა დაცემა
  • წყალ-საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით გამოწვეული დატბორვა
  • ბუნებრივი სტიქიური მოვლენები: წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, მიწისძვრა, სეტყვა…
  • მესამე მხარეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი
  • საგნების ვარდნა 

ნახეთ სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებაში რა რისკების კომბინაციებია შეტანილი, ზოგიერთი დაზღვევა შეიძლება ყველა რისკს ფარავდეს, ზოგიერთში შეიძლება არ იყოს შეტანილი ამ რისკების ნაწილი. მაგალითად, ზოგიერთი პოლისი შეიძლება სტანდარტულად ფარავდეს მიწისძვრის რისკს, ზოგიერთ პაკეტში კი არ რისკის დამატება ტარიფის გაზრდის შემდეგაა შესაძლებელი. რაც უფრო მეტი რისკი იფარება, მით უფრო ძვირია დაზღვევა. რაც უფრო ცოტა რისკს ფარავს დაზღვევა, მით უფრო ნაკლებადაა დაცული დაზღვეულის ინტერესები. 

სწორად შეარჩიეთ სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი

შენობა-ნაგებობებისთვის სადაზღვევო თანხის ანუ სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლო მაქსიმალური სიდიდე შეიძლება იყოს მისი რეალური საბაზრო ღირებულება ან მისი აღდგენის ღირებულება. შიგთავსი ნივთებისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი არ იქნება მის რეალურ ღირებულებაზე მეტი. ასევე, სხვადასხვა რისკისთვის შეიძლება დაწესებული იყოს სადაზღვევო ლიმიტის ზედა ზღვარი, მაგალითად წყალ-საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით გამოწვეული დატბორვით მიღებული ზარალის დადგომისას შეიძლება დაწესებული იყოს ლიმიტი შენობა-ნაგებობის ღირბულების 10 %-ის ოდენობით. ზუსტად განსაზღვრეთ შენობა-ნაგებობის სადაზღვევო თანხის სიდიდე – თუ სადაზღვევო თანხა მეტია ქონების რეალურ ღირებულებაზე, რისკების დადგომის შემთხვევაში დაზღვეული მაინც ვერ მიიღებს რეალურ ღირებულებაზე მეტ ანაზღაურებას, ხოლო თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია მის რეალურ ღირებულებაზე, ზარალის დადგომისას დაზღვეული ამდენჯერვე ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს (მაგალითად, თუ ქონების რეალური საბაზრო ღირებულებაა 100,000 ლარი, ხოლო სადაზღვევო დაფარვის ლიმიტია 80,000 ლარი ანუ 80 %, ზარალის დადგომისას დაზღვეული მიიღებს ზარალის არა 100, არამედ 80 %-ს). 

შენობა-ნაგებობების და შიგთავსის დაზღვევისას გაარკვიეთ რა ობიექტები იქნება დაზღვეული და რა – არა, ზუსტად შეარჩიეთ ანაზღაურების ლიმიტი, გაითვალისწინეთ ფრანშიზა, გაარკვიეთ რას არ ფარავს დაზღვევა და დეტალურად შეისწავლეთ თქვენი ვალდებულებები.

გაითვალისწინეთ ფრანშიზა

ესაა ზარალის ის ნაწილი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ზარალის დადგომისას არ ანაზღაურებს. მაგალითად, თუ ზარალის სიდიდეა 1,500 ლარი და ფრანშიზას სიდიდეა 200 ლარი, სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს 1,500 – 200 = 1,300 ლარს. ფრანშიზა შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს გამოთვლილი, მაგალითად, შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა ან მითითებული იყოს % ზარალიდან (თუ ფრანშიზაა ზარალის 10 % და ზარალია 1,500 ლარი, სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს 1,500 – 1,500 * 10 / 100 = 1,350 ლარს). ზოგიერთ შემოთავაზებაში ფრანშიზა შეიძლება ნულოვანიც იყოს. რაც უფრო მაღალია ფრანშიზა, მით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს დაზღვეული, რაც უფრო დაბალია ფრანშიზა, მით უფრო ძვირდება დაზღვევა. 

გამონაკლისები

ეს არის ის რისკები და შემთხვევები, რომელთა დადგომისას სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ზარალს. ეს გამონაკლისები შეიძლება იყოს შემდეგი რისკებით დამდგარი ზარალის ანაზღაურება: დაზღვეულის ან მოსარგებლის (სადაზღვევო ანაზღაურების მიმღების) მიერ ჩადენილი განზრახ ქმედებით, უხეში გაუფრთხილებლობით ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით; მშენებლობის საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტით, ცუდი კონსტრუქციით, მასალებით ან მუშახელით; ომით, დაპყრობით, უცხოელი მტრის ქმედებებით, საომარი მოქმედებებით, საზოგადოებრივი არეულობებით, სამოქალაქო ომით, აჯანყებით, რევოლუციით და სხვ. 

დაზღვეულის ვალდებულებები

კარგად გაეცანით თქვენს ვალდებულებებს, მათი შეუსრულებლობა შეიძლება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის მიზეზად იქცეს. დაზღვეულის ვალდებულებების მაგალითებია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას საპატრულო პოლიციის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, საავარიო მომსახურების სამსახურის გამოძახება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ სადაზღვევო კომპანიის ინფორმირება, სადაზღვევო პრემიის (დაზღვევის საფასურის) დროულად და სრულად გადახდა, სადაზღვევო კომპანიისთვის წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილებების შემთხვევაში მისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება… გაითვალისწინეთ, რომ დაზღვევის დაწყებამდე თქვენ სადაზღვევო კომპანიას აწვდით მონაცემებს დასაზღვევი შენობა-ნაგებობისა და შიგთავსის შესახებ. ამ განაცხადში არაზუსტი მონაცემების შეტანის შემთხვევაში შეიძლება ეს ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის მიზეზად იქცეს.

დაზღვევის შერჩევამდე კარგად გაეცანით რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის პირობებს, სადაც მოცემულია ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია, ტერმინების განმარტება, სადაზღვევო პრემიის (დაზღვევის საფასურის) გადახდის პირობები, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას აუცილებელი ქმედებები, ზარალის დარეგულირების პირობები და სხვ.  გაუგებარი და ბუნდოვანი საკითხები დააზუსტეთ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთან. სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დაზღვევის ფასი სადაზღვევო თანხის 0.12 %-დან იწყება და დამოკიდებულია შენობის ადგილმდებარეობაზე, ასაკზე, დანიშნულებაზე, კონსტრუქციაზე და სხვა ფაქტორებზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება