კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

სტარტაპის გადაწყვეტილების მიღების 7 პრინციპი: ნაწილი II

სტატიის ავტორი: ჩენდერ ჩაულა, ფორბსი

“ინოვაცია ახალი პროდუქტის შექმნას გულისხმობს. როგორ ქმნით ისეთ ახალ პროდუქტს, რომლის ყიდვაც ან გამოყენებაც ხალხს მოუნდება? ორი რამ, რაც ინოვაციასთან ასოცირდება  არის – ბუნდოვანება და განუსაზღვრელობა. ხალხი ძნელად თუ ახერხებს ორივე პრობლემასთან განმკლავებას. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დიდ კომპანიებს ნაკლებად გამოსდით ახალი პროდუქტის შექმნა არის ის, რომ ისინი არ არიან სტრუქტურიზებულნი არაპროგნოზირებადი საქმეებისთვის – ეს სტარტაპისთვის დამახასიათებელი ნიშანია. კონკრეტული იდეის მქონე ახალი ბიზნესის შექმნისას არ არსებობს პროგნოზირებადობა.”

“წლების განმავლობაში მე ვმუშაობდი სტარტაპებისთვის, ვენჩერული კაპიტალისტებისა და სამთავრობო უწყებებისთვის და ჩემ მიერ გამოყენებული ევრისტიკების შედეგი გასაოცრად პოზიტიური იყო:”

იხილეთ პირველი სამი რჩევა.

4. ნუ აურევთ ერთმანეთში რისკს და ალბათობას

ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება კიბეებზე დაგორების შედეგად. ბოლო რამდენიმე ათწლეულის მონაცემებზე დაყრდნობით შეგიძლიათ იანგარიშოთ მიმდინარე წლის კიბეებზე დაგორების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხოვნობის ალბათობა. იმის ალბათობა, რომ ეს რიცხვი იქნება მილიონი თითქმის არ არსებობს. ახლა შევხედოთ ტერორისტულ თავდასხმებს. ამ შემთხვევაში გასული საუკუნის მონაცემები არაფერს გვეუბნება მომავალში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა რაოდენობაზე. აღნიშნული სცენარით იმის რისკი, რომ ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდებით კიბეებზე დაგორების შედეგად გარდაცვალების რისკთან შედარებით მაღალია მისი განუსაზღვრელობის გამო.

ინოვაცია მაღალი რისკის მატარებელი ბიზნესია. თქვენ არ შეგიძლიათ ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით თქვენი სტარტაპის წარმატების ზუსტი ალბათობის დათვლა. ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევით? ქმნით ალტერნატივებს და ცდილობთ ძალიან მტკიცედ არ იდგეთ საწყის იდეაზე; ქმნით თქვენი პროდუქტის/მომსახურების მოქნილ არქიტექტურას ისე, რომ შეძლოთ განსხვავებული პარამეტრების გამოცდა; სწავლობთ, თუ როგორ არის შესაძლებელი საკუთარი ცოდნის განსხვავებულ ბაზრებზე მორგება; განსაზღვრავთ არსებული პროდუქტების ერთმანეთთან დაკავშირების გზებს და ქმნით ახალ სადისტრიბუციო არხებს;

ნუ შეგიყვარდებათ თქვენი იდეა. გამოსცადეთ სხვა ალტერნატივებიც.

5. ზედმეტად ბევრი ინფორმაცია ზრდის თავდაჯერებას და არა სიზუსტეს

2004 წელს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა შემოიღო ტერმინი: „დიდი მოდერაცია“. ეს ნიშნავდა, რომ 1980-იან წლებში დაწყებული აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში დიდი რყევების ხანა დასრულდა და მშპ-ს ზრდის ტემპი დასტაბილურდა. რა მოხდა შემდეგ წლებში? ჩვენ თითქმის ეკონომიკური დეპრესია გამოვცადეთ. თუ ამდენი პროფესიონალისა და ფართო მონაცემთა ბაზების მქონე ფედერალურ ბანკს შეუძლია უზარმაზარი შეცდომის დაშვება, ჩვენნაირი ადამიანები გაცილებით ყურადღებით უნდა ვიყოთ დიდ მონაცემებზე მუშაობისას. კორელაციისა (ორ მოვლენას შორის ურთიერთობა ან კავშირი) და მიზეზობრიობის ერთმანეთში არევა მცდარი ადამიანური ტენდენციაა.

როგორ იყენებს ამ ინფორმაციას სტარტაპი? ბევრმა ინფორმაციამ არ უნდა გაგხადოთ ზედმეტად თავდაჯერებული. გაიაზრეთ რა კავშირია თქვენს ბიზნესში არსებულ ცვლადებს შორის: მოწყობილობები, პროგრამები, მომხმარებელთა გამოცდილება, დანახარჯი, დისტრიბუცია, კონკურენცია, მომხმარებლები, შეფუთვა, კაპიტალი, დრო და ა.შ. გაიგეთ შესაძლებლობის დანახარჯი. თუ აირჩიეთ x-ის გაკეთება, ეს ნიშნავს იმას, რომ ამას გააკეთებთ ყველანაირი დანახარჯის ფასად.

პოზიციონირება და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია სტარტაპისთვის, ამიტომ ერთი მარტივი ხერხის გამოყენებაც დიდ რიცხვებში უნდა იანგარიშოთ. იმის მაგივრად, რომ რეკლამა გაუკეთოთ საკუთარი პროდუქტის ფართო ფუნქციონარის თითოეულ დეტალს, იფიქრეთ იმაზე თუ როგორ მიიქციოთ რეკლამით ხალხის ყურადღება.

გაიგეთ ცვლადებს შორის არსებული კორელაცია საკუთარ ბიზნესში. მოახდინეთ თქვენი სტარტაპის პოზიციონირება იმისათვის, რომ გახდეს შესამჩნევი.

6. კოპირება ვარიაციით და შერჩევა კონკურენციით

საუკეთესო გზა სილიკონ ველის მუშაობის თავისებურებების გასაგებად არის იმ ევოლუციის გაგება, რომელიც ოპერირებს პრინციპით: „კოპირება ვარიაციით და შერჩევა კონკურენციით“. გენები კოპირდებიან ერთი თაობიდან მეორეში და თითოეული ასლი ოდნავ განსხვავდება ორიგინალისგან. შემდეგ ასლები კონკურენციაში შედიან ერთმანეთთან და საუკეთესო მათგანი განიცდის რეპროდუქციას.

სილიკონ ველის აქვს გარემო, რომელიც შესაძლებელს ხდის კოპირებას ვარიაციით და შერჩევას კონკურენციით. იფიქრეთ გენზე, როგორც იდეაზე, რომელიც პოპულარული ხდება. უამრავ ადამიანს სურს ამ იდეის გამოყენება და სტარტაპის შექმნა. რადგანაც კულტურა ღიაა, ადამიანები საუბრობენ ერთმანეთთან და წამოწევენ საკუთარ იდეებს. თითოეული სტარტაპი ადაპტირდება და ქმნის სხვა სტარტაპებისგან განსხვავებულ ნიშანს. ვენჩერულ კაპიტალისტებს მოსწონთ ინვესტირება რაღაც პოპულარულში და შედეგად ფინანსდება ერთი და იმავე იდეის ბევრი ვარიაცია. როდესაც გუგლი შეიქმნა, დაახლოებით 30-მდე საძიებო სისტემის სტარტაპი არსებობდა. სტარტაპები ერთმანეთის კონკურენტები არიან, ერთ-ერთი მათგანი განიცდის წარმატებას და ხდება დომინანტი მოთამაშე ან მსხვილი კორპორაცია ინტერესდება მისით და იძენს მას. სხვა სტარტაპების ბედი არც ისე ცუდია, როგორიც გენების. ბევრი მათგანი ხდება ისეთი სტარტაპის ნაწილი, რომელიც მზარდი და წარმატებულია. მაშინაც კი, თუ თქვენი სტარტაპი არ იქნა სხვა კომპანიის მიერ შემოერთებული, თქვენთვის სამუშაოს შოვნის შანსები წარმატებულ სტარტაპში საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენ ფლობთ გამოცდილებას. ასე რომ, თუ სწორ სფეროში ხართ, სტარტაპის დაწყების რისკი არც თუ ისე დიდია.

აირჩიეთ პოზიციონირების ისეთი კატეგორია, სადაც ფული მოძრაობს და შექმენით უნიკალური ღირებულება.

7. კონკურენცია და თანამშრომლობა ერთად მუშაობენ

თუ განვიხილავთ სპორტს, მაგალითად ფეხბურთს, ის კონკურენციაშია ყველა სხვა სპორტთან ან გართობის ფორმასთან და იბრძვის მეტი დროისა და ფულის მისაღებად. ესაა მიზეზი გუნდების თანამშრომლობის, ლიგების ფორმირების, ფულის რეკლამაში ხარჯვის და ა.შ. თუ ერთი საფეხურით ქვევით ჩავალთ, მივხვდებით, რომ საფეხბურთო გუნდებიც ერთმანეთის კონკურენტები. ეს კონკურენცია აიძულებს გუნდის მოთამაშეებს ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ახლა კიდევ ერთი საფეხურით ქვევით ჩავიდეთ და დავინახავთ, რომ ერთი გუნდის მოთამაშეები ერთმანეთის კონკურენტები არიან ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ფული, დასპონსორების საკითხები და ა.შ.

აღნიშნული ევრისტიკა უფრო მეტად ერგება გადაწყვეტილების მიმღებებს. მათ უნდა შექმნან ისეთი გარემო და სტიმულები, რომლებიც შესაძლებელს ხდის კონკურენციისა და თანამშრომლობის ერთად მუშაობას. ერთი რეგიონი სხვა რეგიონების კონკურენტია ინვესტორებისა და მეწარმეების მოპოვებაში. ყველა ვენჩერული კაპიტალისტი ერთმანეთის მეტოქეა ახალ, პოტენციურად წარმატებულ სტარტაპში ინვესტირების საკითხებში.  ხშირად კონკურენტი სტარტაპებიც თანამშრომლობენ, მაგალითად, კონკრეტული პოლიტიკის ცვლილებებთან საბრძოლველად ან ინდუსტრიული ორგანიზაციების ფორმირების მიზნით სტანდარტებზე შესათანხმებლად.

აირჩიეთ სწორი გარემო, რომელიც არის ღია და გაძლევთ წვდომას კაპიტალზე, კავშირებსა და კომპეტენციაზე.

აღნიშნული 7 ევრისტიკის გამოყენებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი წარმატების შანსები.“

 

***

სტატიის წყაროა: forbes.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება