კვირა , მაისი 19 2024
geen

მენტალურად ძლიერი ადამიანების 15 ჩვევა: ნაწილი I

ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა საკუთარი მენტალური სიძლიერე გამოწვევის წინაშე დამდგარა. გამოწვევა შეიძლება იყოს ტოქსიკური მეგობარი, წარუმატებელი სამსახური ან დაძაბული პირადი ურთიერთობა. ასეთ სიტუაციებში საჭიროა მოვლენების დანახვა ახალი პერსპექტივიდან და გადამწყვეტი ზომების მიღება. ეს მარტივად ჟღერს. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა კარგი მეგობრები, კარგი სამსახური და ასევე ჰარმონიული პირადი ცხოვრება. მაგრამ ამის მიღწევა არც ისე მარტივია.

ძნელია იყოთ მენტალურად ძლიერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ ადგილზე ხართ “დაბმული”. წინააღმდეგობების დაძლევა და გაბედული ნაბიჯების გადადგმა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. მენტალურად ძლიერი ადამიანები ფლობენ ამ უნარს, რითიც გამოირჩევიან მასისგან. რასაც სხვები გადაულახავ ბარიერად ხედავენ, ისინი დაძლევად გამოწვევად აღიქვამენ.

როცა 1914 წელს თომას ედისონის კომპანია მთლიანად დაიწვა, რამაც მას $23 მილიონის ზარალი მიაყენა, ედისონის პასუხი შემდეგი იყო: “მადლობა ღმერთს ყველა ჩვენი შეცდომა დაიწვა. ახლა შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ”. ედისონის რეაქცია მარტივი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა დაინახო შესაძლებლობები და მიიღო ზომები მათ გამოსაყენებლად მაშინაც კი, როცა საქმე არასახარბიელოდ მიდის. მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან სტრატეგიები, რომელთა გამოყენება დღეიდან თქვენც შეგიძლიათ:

ისინი ფლობენ ემოციურ ინტელექტს

ემოციური ინტელექტი მენტალური სიძლიერის ქვაკუთხედია. მისი ფლობისთვის აუცილებელია ძლიერი უარყოფითი ემოციების გააზრებისა და მიღების უნარი და ამასთანავე მათი დახმარებით რამე პროდუქტიულის გაკეთება. ისეთი მომენტები, როცა თქვენი მენტალური სიძლიერე გამოცდის წინაშე დგება, გამოწვევას წარმოადგენს თქვენი ემოციური ინტელექტისთვისაც.

IQ-სგან განსხვავებით, EQ (ემოციური ინტელექტი) ცვალებადი უნარია, რომლის გაუმჯობესებაც შეგიძლიათ გააზრებითა და მცდელობით. გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანების 90%  მაღალ ემოციურ ინტელექტს ფლობს და $28,000-ით მეტს გამოიმუშავებს წლიურად EQ-ს დაბალი მაჩვენებლის მქონე პირებთან შედარებით.

ისინი არიან თავდაჯერებულნი

“როცა თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, ან როცა ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ – ორივე შემთხვევაში მართალი ხართ” – ჰენრი ფორდი.

თქვენს აზროვნებას ძლიერი გავლენა აქვს თქვენივე წარმატებაზე. ეს დებულება არ არის უბრალოდ სამოტივაციო ინსტრუმენტი – ეს ფაქტია. მელბურნის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ თავდაჯერებულ ადამიანებს უფრო მაღალი ხელფასი და უფრო მეტი დაწინაურების შესაძლებლობები აქვთ სხვებთან შედარებით.

ნამდვილი თავდაჯერება – ყალბი თავდაჯერებისგან განსხვავებით, რომელსაც ხალხი საკუთარი კომპლექსების შესანიღბად იყენებს – შთააგონებს სხვებსაც და ეხმარება მათ რეალური ნაბიჯების გადადგმაში.

ერიდებიან ტოქსიკურ ადამიანებს

“რთულ” ადამიანებთან ურთიერთობა ყველასთვის დამღლელია. ძლიერი ადამიანები აკონტროლებენ ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობას ემოციების მოთოკვითა და რაციონალური მიდგომით. ისინი არ აძლევენ საკუთარ ბრაზსა და იმედგაცრუებას დესტრუქციის უფლებას, ცდილობენ შეხედონ სიტუაციას კონკრეტული ადამიანის თვალით და შეუძლიათ პრობლემის მოგვარების გზის პოვნა.

დადებითად ხვდებიან ცვლილებას

მათთვის ცხადია მარტივი ჭეშმარიტება – ცვლილების შიში მთავარ საფრთხეს წარმოადგენს წარმატებისა და ბედნიერების მისაღწევად – , ამიტომ ისინი მუდმივად ცდილობენ შეეგუონ ახალ სიტუაციებს, ეძებენ იმ ცვლილებას, რომელიც სადღაც ახლოს, კუთხეშია მიმალული და მათ განსახორციელებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ.

მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ცვლილებაში რაღაც კარგი დაინახოთ, თუ მას პოზიტიურად შეხვდებით. ცვლილებისგან გამოწვეული ყველა შესაძლებლობის გამოსაყენებლად “გახსნილი” გონება და გაშლილი ხელებია საჭირო. სიგიჟის ერთ-ერთი განმარტება ასე ჟღერს: სიგიჟე არის უსასრულოდ ერთი და იმავე რამის კეთება და განსხვავებული შედეგისთვის ლოდინი.

იციან უარის თქმა

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო რთულად შეგიძლიათ “არა”-ს თქმა, სტრესისა და დეპრესიის მით უფრო მეტი  გამოცდილება გაქვთ. მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ უარის თქმა “ჯანსაღი” მეთოდია. ისინი ერიდებიან ფრაზებს: “მგონი ვერ შევძლებ” ან “ზუსტად არ ვიცი”. ისინი პირდაპირ  და მკაფიოდ ამბობენ “არა”-ს, რადგან იციან, რომ უარის თქმით ახალ ვალდებულებაზე პატივს სცემენ მათ არსებულ ვალდებულებებს და ინარჩუნებენ მიზნების წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას.

 

***

სტატიის წყაროა: entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება