კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

პარეტოს პრინციპი

პარეტოს პრინციპი არის ემპირიული წესი, რომლის თანახმადაც ძალისხმევის 20 % იძლევა შედეგის 80 %-ს, ხოლო ძალისხმევის დანარჩენი 80 % იძლევა შედეგის მხოლოდ 20 %-ს: საქმეზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორების რაოდენობა ცოტაა, უმნიშვნელო – ბევრი. წარმატებას იწვევს მცირე რაოდენობის მაღალშედეგიანი ქმედებები, წარუმატებლობისთვის კი მცირე რაოდენობის დესტრუქციული ძალებიც საკმარისია.

პარეტოს პრინციპის თანახმად, თუ სწორად შეარჩევთ მცირე რაოდენობის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს, მათი შესრულებით სწრაფად მიიღებთ დაგეგმილი შედეგების უდიდეს ნაწილს, ხოლო უმნიშვნელო ამოცანების შესრულება შეიძლება გაუმართლებელი იყოს – მათი დიდი ნაწილი დროის ტყუილუბრალო ფლანგვაა და ისინი არაფერს იძლევიან სასურველი შედეგის მისაღწევად.

ამავე პრინციპის თანახმად, სიმდიდრის 80 %-ს ფლობს მოსახლეობის 20 %, ხოლო ბაზრის 80 % უკავია ბაზარზე მოთამაშეების 20 %-ს. მაგალითად, მსოფლიოს 191 ქვეყნის ჯამური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი – ქვეყანაში მოცემულ წელს შექმნილი საბოლოო პროდუქტების და მომსახურებების ჯამური ღირებულება) დაახლოებით 78 ტრილიონი აშშ დოლარია, აქედან პირველი 19 ქვეყნის (ქვეყნების 10 %-ის) მშპ-ს სიდიდე დაახლ. 63 ტრილიონი აშშ დოლარია (მსოფლიო მშპ-ს ჯამური სიდიდის 91 %). 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოში ბანკების 19 % ფლობს საბანკო აქტივების 77 %-ს, სადაზღვევო კომპანიების 21 %-ის საბაზრო წილი 61 %-ია, ხოლო სადაზღვევო პროდუქტების 22 %-ს ბაზარზე 82 %-იანი წილი უკავია.

ამ პრინციპში ნაკლებად მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგის თანაფარდობის ზუსტი სიდიდე. ის შეიძლება იყოს 20/80, 25/70 ან მათგან მცირედ განსხვავებული თანაფარდობა. პარეტოს პრინციპის მთავარი არსი ისაა, რომ მიზეზები და შედეგები არაა პირდაპირპროპორციულად დაბალანსებული – თუ შესასრულებელია 10 ამოცანა, თითქმის არასოდეს მოხდება ისე, რომ 1 ამოცანის შესრულებას მოჰქონდეს შედეგის 10 %, 2 ამოცანის შესრულებას – 20 % და ა.შ. მთავარია მათგან ყველაზე მნიშვნელოვნების, ყველაზე მაღალშედეგიანების გამორჩევა და მათზე კონცენტრირება.

გაანალიზეთ თქვენი საწარმოს გაყიდვები და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ პროდუქტთა ასორტიმენტიდან პროდუქტების 20 %-ს მოაქვს მოგების 80 % , ხოლო კლიენტების 20 %-ს მოაქვს მოგების 80 %. შეაფასეთ თქვენი თანამშრომლები და შეიძლება გამოიკვეთოს, რომ მათ 20 %-ს მოაქვს შედეგების 80 %.

თუ გააკეთებთ მთავარს, მოიცილებთ ყველა უმნიშვნელო საქმეს, პროდუქტსა და ბაზარს, ნახავთ თუ როგორ გაიზრდება პირადად თქვენი და თქვენი საწარმოს საქმიანობის შედეგიანობა.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება