შაბათი , ოქტომბერი 19 2019
geen

ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია ”სტარ კონსალტინგის” დამფუძნებელ ეკატერინე ბურკაძესთან

კომპანია ‘’სტარ კონსალტინგი’’ მეექვსე წელია სურსათის მწარმოებლებს პროფესიონალურ კონსულტაციებს უწევს სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ‘’როდესაც შენს საქმეს კარგად აკეთებ, აუცილებლად გამოჩნდება ამ საქმის დამფასებელი’’, ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ეკატერინე ბურკაძე, რომელიც 2004 წლიდანაა ჩართული ამ სისტემაში.

business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო ეკატერინე ბურკაძემ ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს.

ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია ”სტარ კონსალტინგის” დამფუძნებელ ეკატერინე ბურკაძესთან

თქვენი ორგანიზაცია მეწარმეებს რა სერვისებს სთავაზობს?

კომპანია შპს ”სტარ კონსალტინგი”  2012 წელს დაფუძნდა და, ძირითადად, ეწევა სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისობის შეფასებას, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების დანერგვას, ისეთი სტანდარტების დანერგვაში დახმარებას, როგორებიცაა  ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მენეჯმენტი სისტემა), HACCP (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) და სხვა.  ასევე, კომპანიის სერვისია პერსონალის ტრეინინგი  პირად ჰიგიენაზე, სურსათის უვნებლობაზე. ჩემს კომპანიას და პირადად მე ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ რამდენიმე დონორი ორგანიზაციის (EBRD, მერსი ქორფსი, REAP) სერვის-პროვაიდერები ვართ. მათი დაკვეთით ძალიან ბევრ მომსახურებას ვახორციელებთ ბენეფიციარი მეწარმეებისთვის.

როგორ გაჩნდა ”სტარ კონსალტინგის” ბიზნესის დაფუძნების იდეა?  მოგვახსენეთ თქვენი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ისტორია.

საქმიანობის დაწყების ისტორია მე ვარ. 2004 წლიდან, როდესაც ევროპაში გაჩნდა HACCP (Hazard Analyses and Critical Control Points) სისტემის დანერგვის ტენდენცია, ვისწავლე ეს მიმართულება, ტრეინინგები  გავიარე სურსათის უვნებლობის საკითხეთან დაკავშირებით. პირადად  მქონდა  ამ სფეროსთან ინტენსიური შეხება, ვიყავი კერძო კონსულტანტი. უკვე 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური გახდა. სწორად ამ დროს გადავწყვიტე დამეფუძნებინა კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით დაინტერსებუოლ პირებს კონსულტაციას გაუწევდა. მანამდე ეს თემა აქტუალური არ იყო, რადგან სახელმწიფო კონტროლი არ იყო ინტენსიური, არ არსებობდა ვალდებულება ბიზნესოპერატორებს დაენერგათ სურსათის უვნებლობის სისტემები და განეხორციელებინათ პერსონალის ტრენინგი. 2012 წლიდან გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, გაიზარდა კონტროლის ინტენსივობა, შესაბამისად, საქართველოში ეს მიმართულება საკამოდ მოთხოვნადი გახდა. ამ პროცესს ასევე ხელი შეუწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ. სურსათის უვნებლობის კუთხით ამაღლდა ცნობიერება. მანამდე თუ ჩემნაირი   პროვაიდერი კომპანიები კლიენტებს ეძებდნენ, ახლა სიტუაცია შეცვლილია – კლიენტები საკონსულტაციო კომპანიებს ეძებენ. გარდა ამისა, გაჩნდა ძალიან ბევრი დონორი, რომელიც ჩვენს მომსახურებას აფინანსებს. შედეგად, ჩვენი მომსახურება  მოთხოვნადი გახდა როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის. მათ შორისაა ყველის გადამამუშავებელი  საწარმოები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიოექტები  და ასე შემდეგ.

მცირე, დამწყები, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისგან ძირითადად რა სერვისებზეა მოთხოვნა?

ძალიან აქტუალური გახდა საწარმოს სწორი დაპროექტება. აქამდე საწარმო შენდებოდა, იწყებდა საქმიანობას  და  შემდეგ მიდიოდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ამოწმებდა და უწერდა უამრავ შენიშვნას. საუბარი იყო  არასწორ დაგეგმარებაზე, არასწორ ნაკადურობაზე, ჯვარედინ დაბინძურებაზე. ახლა ბიზნესი უკვე ცდილობს თავიდანვე ჩართოს ტექნოლოგი და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, რომელიც სწორად მოახდენს დახმარებას საწარმოს დაპროექტებაში. ეს აუცილებელია, რადგან პროექტი გადასაკეთებელი არ იყოს და  დამატებითი ხარჯები არ იყოს გასაწევი.

ძალიან მოთხოვნადი გახდა პირველად წარმოებებში სურსათის უვნებლობის ისეთი სისტემის დანერგვა, როგორიცაა GLOBAL GAP (სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტია),  მყავს რამდენიმე წარმატებული კომპანია, სადაც დავნერგე ეს სისტემა, რომელიც სერტიფიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს გარდა ვსაქმიანობ სომხეთში, აზერბაიჯანში და ყირგიზეთში.

გამოდის, დამწყებმა ბიზნესმენებმა ისწავლეს ის, რომ კონსულტაცია საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია?

სამწუხაროდ, ხშირად ჩემი მიწვევა ხდება მაშინ, როდესაც საწარმოს შენობა უკვე აშენებულია, ხანდახან გამიმართლებს და პროექტის დასაწყისშივე ხდება ჩემი ჩართვა. ასეთ დროს ბიზნესს უიოლდება საქმე, სწორად აშენებს, გადაკეთება აღარ უწევს და ხარჯები ოპტიმალურად არის გაწეული, მეწარმე ინვესტიციას სწორად ახდენს  განვითარებაში და არა გადაკეთებაში.

აქტუალური გახდა საწარმოს სწორი დაპროექტება. ახლა ბიზნესი უკვე ცდილობს თავიდანვე ჩართოს ტექნოლოგი და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, რომელიც სწორად მოახდენს დახმარებას საწარმოს დაპროექტებაში. ეს აუცილებელია, რადგან პროექტი გადასაკეთებელი არ იყოს და  დამატებითი ხარჯები არ იყოს გასაწევი.

მეწარმეები სურსათის უვნებლობის კუთხით ძირითადად რა პრობლემებს აწყდებიან?

პრობლემაა ცოდნის დაბალი დონე – სანამ სააგენტო არ მივა და ჯარიმას არ გამოუწერს, მანამდე ძალიან ხშირად არც იციან  სად და როგორ უნდა მოიძიონ ეს ინფორმაცია. არ იციან ის, რომ დაპროექტებაში თავიდანვე სჯობს სპეციალისტის ჩართვა. პრობლემაა ასევე რესურსების ხელმისაწვდომობა, პროფესიონალი კადრის მოძიება, მათ შორის, ტექნოლოგების.  სურსათის უვნებლობის სფეროში პერსონალის ნაწილი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა.

თქვენი გამოცდილების საფუძველზე რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები მეწარმე საქართველოში?

როდესაც სასაკლაოებში სავალდებულო გახდა HACCP სისტემის  დანერგვა, ეს ობიექტები საგრძნობლად  გაუმჯობესდა, მოხდა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადება. შესაბამისად, როდესაც ნახეს, რომ რაღაც შენდება და რემონტდება, ბევრმა გადაწყვიტა სასაკლაოების ბიზნესში შესვლა. ლამის ყოველდღიურად მიკავშირდებოდნენ თხოვნით დავხმარებოდი სასაკლაოს დაგეგმვაში და მოწყობაში. ძალიან ბევრს ვუთხარი უარი იმიტომ, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი ბიზნეს-გეგმა, არ გაითვალისწინეს ხარჯები, მაგალითად, ნედლეულის შეძენაზე რამდენი დაეხარჯებოდათ, რა თანხები იყო საჭირო საწარმოს მოწყობისთვის, სად მოიძიებდნენ ამ თანხებს, რამდენ წელიწადში ამოიღებდნენ გაწეულ ხარჯებს, სად იქნებოდა გასაღების ბაზრები, პროდუქტის თვითღირებულება.

თქვენი რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ ეფექტურ ბიზნეს-საქმიანობაში?

მუდმივი შრომა საკუთარ თავთან. როდესაც ამ სფეროში საქმიანობა დავიწყე, საერთოდ არ იყო ეს მიმართულება არც ცნობადი და არც მოთხოვნადი. თუმცა მუდმივად ვაგრძელებდი კვალიფიკაციის ამაღლებას, ჩემს თავზე მუშაობას, სიახლეების გაცნობას, ძალიან ბევრ საერთაშორისო ტრეინინგში მივიღე მონაწილეობა. შესაბამისად, როდესაც შენს საქმეს კარგად აკეთებ, აუცილებლად გამოჩნდება ამ საქმის დამფასებელი.

ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხი, რაც ავტომატურად ნდობას იწვევს კლიენტებში.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს?

ინფორმირებულობას – კარგად გაეცნონ რა საქმეს იწყებენ, აწონ-დაწონონ ყველაფერი, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მხოლოდ კარგად გააზრების მერე დაიწყონ საქმე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება